გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი: პანდემიის დროს უცხოურ ხომალდებზე ქართველ მეზღვაურებს როტაციაში აქტიურად და წარმატებით ვეხმარებით

28-04-2020

ქართველ მეზღვაურთა 23-კაციანი ჯგუფი დღეს დანიაში გაემგზავრა. ამავე რეისით სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. გამგზავრებამდე ქართველმა მეზღვაურებმა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

სპეციალური რეისი კოპენჰაგენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით დაინიშნა. "Elvictor Crew Management Service"-ი ქართველი მეზღვაურების, მათ შორის კადეტების, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

ქართველ მეზღვაურთა ჯგუფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გააცილა. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად მუშაობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართული ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტას ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებს.

„პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმწიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. “საკვანძო პროფესიად” და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველო კრიზისის პირველივე დღეებიდან ზრუნავს მეზღვაურებზე და დროულად და თანმიმდევრულად დგამს საპასუხო ნაბიჯებს. მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისშივე საქართველო ერთერთი პირველი საზღვაო ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. „ამით ჩვენ გამოვრიცხეთ ჩვენი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენა, რითიც ხელი შევუწყეთ მათ, სანაოსნო საქმიანობა გაეგრძელებინათ. ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან სპეციალური რეისებით ბრუნდებიან ჩვენი მეზღვაურები სამშობლოში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ გემზე სამედიცინო დახმარებით. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში ყველა მსხვილ საკრუინგო კომპანიასთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ჩვენი მეზღვაურების ძირითად დამსაქმებლებს წარმოადგენენ. საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად დეტალურად განიხილება თითოეული ქართველი მეზღვაურის შემთხვევა,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტვირთების 90% საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვი, ვაჭრობა, ქვეყნებში სურსათის, მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგები იქმნება სწორედ საზღვაო გადაზიდვების ხარჯზე. იმისათვის, რომ მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიამ ნორმალურად იმუშაოს და მეზღვაურების შრომითი პირობები დაცული იყოს თვეში გემებზე უნდა შეიცვალოს 100,000-მდე მეზღვაური, რაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია. უმსხვილეს გემთმფლობელ კომპანიებს და ძირითად ხაზებს შეჩერებული აქვთ როტაციის პროცესი მაისის ბოლომდე. საქართველოს ათასობით მეზღვაური, დანარჩენი ქვეყნების მეზღვაურების მსგავსად, გემებზე რჩებიან და მსოფლიოში შექმნილ ურთულეს გარემოში ასრულებენ თავის მოვალეობებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930