28-04-2020
ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით, რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, 27 აპრილიდან მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, ორი დღით დაშვებულია გადაადგილება იმ ოთხ ქალაქში, სადაც შესვლა და გასვლა იყო აკრძალული და დღეს საღამოს 21:00 საათამდე, მოქალაქეებს შეეძლებათ დაბრუნდნენ თავიანთ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე.
„როგორც იცით, 27 აპრილიდან მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები, რომელიც დაწესებული გვქონდა. ეს ძირითადად შეეხო სამ შეზღუდვას - დაშვებულია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება, ორი დღით, 27 და 28 აპრილს, იმ ქალაქებში, სადაც შესვლა და გასვლა იყო აკრძალული - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, დაშვებული იქნა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, რადგან არსებობდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, რომლებიც შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ჩარჩნენ ამ ქალაქებში და სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით მთავრობამ მოხსნა აღნიშნული შეზღუდვა ორი დღის ვადით. კომენდანტის საათი რჩება ძალაში. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება კვლავ აკრძალულია. ზოგადად, ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით რჩება ძალაში. დღეს საღამოს 21:00 საათამდე, მოქალაქეებს შეეძლებათ ამ ოთხ ქალაქში შესვლა და გამოსვლა და მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ ფაქტობრივ საცხოვრებელ თუ რეგისტრაციის ადგილზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, 27 აპრილიდან სრულად არის დასაშვები ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, თუმცა ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ეს არ ეხება სოციალური ცხოვრების გახსნას და მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები.
„27 აპრილიდან სრულად არის დასაშვები ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრების ფუნქციონირება. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს, მეწარმე სუბიექტებს ახსოვდეთ ერთი რამ - ჩვენ ეკონომიკური გახსნის გეგმა წარმოვადგინეთ და ეს არ ეხება სოციალური ცხოვრების გახსნას. მთელი ის შეზღუდვები, რომელიც ორიენტირებულია დისტანციის დაცვაზე, მობილობის შემცირებაზე, გარკვეულწილად ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვები რჩება ძალაში. დღეის მდგომარეობით დაკეტილია სასაფლაოები და ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები გაკეთდა. ხვალიდან მანამ, სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, ეს ოთხი ქალაქი ისევ იქნება დაკეტილი და ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა იქნება აკრძალული, ასევე იმოქმედებს კომენდანტის საათი და ყველა იმ ეკონომიკურ საქმიანობაზე, მათ შორის, ონლაინ ვაჭრობაზე, აგრარული ბაზრების ფუნქციონირებაზე, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ორშაბათიდან, 27 აპრილიდან ეს საქმიანობები დასაშვებია, ეს ადამიანები, ფიზიკური პირები, მეწარმეები, ვალდებულები იქნებიან, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები. უმნიშვნელოვანესია ამ წესების დაცვა მოქალაქეების მხრიდან, რადგან შეზღუდვების მოხსნა და წარმატებულობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებენ მოქალაქეები და მეწარმე სუბიექტები დაკისრებულ ვალდებულებებს, იმიტომ, რომ თუ შესრულება არ მოხდება ზედმიწევნით, შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება და ის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც მთავრობამ გასული კვირის პარასკევს წარმოადგინა, ვერ ამოქმედდეს იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ის არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.