გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: კომენდანტის საათი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და სხვა ყველაფერი, რაც არ მოგვიხსნია, ამ ეტაპზე ძალაში რჩება

28-04-2020

კომენდანტის საათი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და სხვა ყველაფერი, რაც არ მოგვიხსნია, ამ ეტაპზე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, პარლამენტმა დაამტკიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც მთავრობას არ მოუხსნია.

„იმ აკრძალვების გარდა, რომლებიც 27 მაისს მოვხსენით, დანარჩენი ყველაფერი ძალაშია, მათ შორის კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას აქვს უმთავრესი მიზანი - მობილობის შემცირება. კომენდანტის საათის მოქმედების ეფექტი ცალკე, განყენებულად არ არსებობს, აქ ბევრი რამ ერთმანეთთან კავშირშია. მაგალითად, როდესაც მოქალაქეებმა იციან, რომ 21:00 საათიდან კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს, მობილობის შემცირება იწყება ადრე პერიოდიდან - 18:00-19:00 საათიდან. გარდა ამისა, ამან გარკვეული გავლენა მოახდინა თავშეყრებზეც, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქუჩებში შებინდებისას, ე.წ ბირჟების სახით. ეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ამიტომ, ეს რაციონალი, რაც კომენდანტის საათის, ისევე, როგორც დღეს მოქმედი სხვა შეზღუდვების უკან დგას, დღესაც აქტუალურია და ვიდრე საფრთხეები არ აღმოიფხვრება, ეს შეზღუდვები იმოქმედებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება და კომენდანტის საათის მოქმედების საჭიროება აღარ იქნება, შესაძლოა, ეს შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდეც მოიხსნას.

„თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება და კომენდანტის საათის საჭიროება აღარ იქნება, შეგვიძლია, კომენდანტის საათი, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები ადრე მოვხსნათ. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა და კონტროლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაცილებით რთულია, გაცილებით მეტი რისკის შემცველია და ამიტომ, ეს ნაკლებად უნდა ვივარაუდოთ 22 მაისამდე“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930