28-04-2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს ვ.ც-ს და დ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ქვეყნებში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანეს და ინახავდნენ 40 კილოგრამამდე (38.147 კგ) ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ვ.ც.-ს და დ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.