გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქეებს გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ

21-03-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.


კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მას მოუწევს, ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის(ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი. პროექტში მითითებულია ის შემთხვევები, რა დროსაც აღნიშნული შეზღუდვები არ გავრცელდება.


კანონპროექტით კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ადგენს პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის ზოგად წესებს.


წარმოდგენილი ცვლილებებით სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელი იქნება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას:


- განცხადება 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე/გვარის დადგენაზე/გვარის კანონიერად აღიარებაზე არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურწარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ;


- დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;

- დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე.


კანონპროექტის თანახმად, მამობის დადგენის რეგისტრაციისას პირს ეზღუდება გვარის შეცვლის უფლება, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, როდესაც ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, ამავე მოტივით დაუშვებელი იქნება გვარის შეცვლა ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციის დროსაც. ამასთან, ამ ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრისთანავე პირი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს გვარის შეცვლა კანონით დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად. აღნიშნული აკრძალვები არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მამობის დადგენასთან ან განქორწინებასთან ერთად გვარის შეცვლის შესახებ მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930