30-04-2020
პროფკავშირების პან ევროპული რეგიონულმა საბჭომ (PERC), COVID–19–ის პანდემიის პირობებში, მორიგი სხდომა გამართა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას უძღვებოდა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე - ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ამავე დროს პან ევროპული რეგიონული საბჭოს/PERC/ პრეზიდენტიცაა.
საბჭომ განიხილა ევროპაში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, უმუშევრობის კუთხით შექმნილი ვითარება, შეაფასა მისი თანმდევი მოსალოდნელ რისკები და ქვეყნების მიერ აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელა.
შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდა ევროპის პროფკავშირების ქალთა კომიტეტიც, რომელიც თავის მხრივ, კონკრეტულ ქვეყნებში დასაქმებული ქალების და დედების წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც სკოლების, ბაღების და სხვა სასწავლო, აღმზრდელობითი დაწესებულებების საქმიანობის შეჩერებას, თუ ონლაინ სისტემაზე გადასვლას მოჰყვა.
მსჯელობის საგანი იყო ასევე ჩრდილოვანი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობა. შეხვედრაზე ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, შეფასდა და განხილული იქნა საქართველოში, შრომით სფეროში შექმნილი მდგომარეობა.
ყურადღება გამახვილდა ერთერთ მთავარ საკითხზე - ევროკავშირის საგარეო ფინანსურ გეგმაზე. კერძოდ, ევროპის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი გრანტზე, რომელიც საგანგებო ვითარებაში უმუშევრობის რისკების შემცირებისთვისაა გამიზნული. უკვე ცნობილია, რომ საქართველოსთვის განსაზღვრული ტრანში 183 მილიონი ევროა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ამ ოდენობის გრანტის გამოყოფის საკითხში, დიდია პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოსა წვლილი, რომლის პრეზიდენტიც ირაკლი პეტრიაშვილია.
ევროკავშირი აყენებს მკაცრ მოთხოვნას, რომ სოციალური პარტნიორები მათ შორის პროფკავშირები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სქემის შემუშავებაში, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების მოცვა და თანხის სწორად გადანაწილება.
მიმართულებები კი რომელთა დაფარვასაც გრანტი გულისხმობს შემდეგია- საქართველოს სოციალურ ეკონომიკური მხარდაჭერა, დასაქმებულთა და უმუშევრად დარჩენილთა დახმარება, ამასთანავე გრანტი უნდა მოხმარდეს ჯანდაცვის სექტორსაც და გამოყენებული იქნას ჰუმანიტარული მიზნებისთვისაც.
პან ევროპული რეგიონული საბჭოს სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული აღმოსავლეთ პარტნორობის სფეროს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.