1-05-2020
საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევით ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.
მომდევნო კვლევითი ნაშრომი "სტერილიზებული ინტერვენციები შესაძლოა, არც ისე „სტერილიზებული" იყოს" სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლების მიერ მომზადდა. ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებს ადგილობრივი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას არ აქვს და ამის მიზეზია ინტერვენციის სტერილიზაცია. თუმცა ამ კვლევაში განხილულია, რომ იმ ფინანსურ სისტემებში, სადაც ცენტრალური ბანკის ოპერაციებისათვის საჭირო გირაოს ბაზა საკმარისად დიდი არაა, შესაძლოა, სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებს გავლენა მაინც ჰქონდეს ადგილობრივი ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. კვლევაში წარმოდგენილია ამ მექანიზმის მნიშვნელობა საბალანსო უწყისის მარტივი ანალიზის, თეორიული მოდელისა და ემპირიული შეფასების საფუძველზე. ადგილობრივი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებსა და, შედეგად, დაკრედიტებაზე ინტერვენციების ამ გავლენის რაოდენობრივი სიდიდე შეფასებულია საქართველოსთვის და ნაჩვენებია, რომ ის დამოკიდებულია გირაოს ბაზის მოცულობაზე: რაც უფრო მეტია გირაოს მოცულობა ცენტრალური ბანკის რეფინანსირების ოპერაციებთან შედარებით, მით ნაკლებია ლიკვიდობის რისკი და, შედეგად, სტერილიზებული ინტერვენციების გავლენა ადგილობრივი ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე.
კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.