გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როგორ დავეხმაროთ ინსულტგადატანილ პაციენტს რეაბილიტაციაში?

4-05-2020

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ინსულტისგან კვდება. ის შეიძლება როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს დაემართოს.  დროული სამედიცინო დახმარება (როგორც წესი, ის ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან პირველ 4,5 საათში უნდა აღმოუჩინოთ) პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის ალბათობას ზრდის, მისი მდგომარეობის გართულების რისკს კი ამცირებს.


რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ადამიანს ინსულტის შემდეგ?


ინსულტი ამა თუ იმ ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მაგალითად, ზოგიერთი საუბრის უნარს სრულად კარგავს, სხვა შემთხვევაში კი ნაწილობრივი დამბლა ფიქსირდება. ინსულტის შედეგად თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეულ გავრცელებულ პრობლემებს მიეკუთვნება ყლაპვის, კითხვისა და წერის, მეხსიერებისა და ემოციების კონტროლი, ასევე - მხედველობის დაქვეითება და შარდის შეუკავებლობა. ამის შედეგად, ადამიანი  ხშირად დამოუკიდებლობას კარგავს, მისი ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა - დაბანა, ტანსაცმლის გამოცვლა და ჭამა სხვისი დახმარების გარეშე შეუძლებელი ხდება.


როგორ შემიძლია დახმარება? ამისათვის მასზე უნდა ვიზრუნო?


დიახ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მნიშვნელოვანი. აუცილებელია, რეაბილიტაციის დროულად დაწყება, რათა ადამიანმა დაკარგული უნარების აღდგენა მალევე შეძლოს. მაგალითად, გადაადგილების ფუნქციის რეაბილიტაციის პროცესი შეიძლება შემდეგნაირად წარიმართოს: იწყება პასიური მოძრაობები და მარტივი მოქმედებები, რაც თანდათანობით უფრო რთულ ფიზიკურ ვარჯიშებში გადადის. პაციენტი საწოლში გადატრიალებას, წამოჯდომას, ადგომას, პირველი ნაბიჯების გადადგმას ან საპირფარეშოში დამოუკიდებლად გასვლას ხელახლა სწავლობს. ამ გზას ის მარტო კი არა, სპეციალისტების დახმარებით გადის.


რომელია რეაბილიტაციის დაწყების საუკეთესო დრო?


ეს საკითხი ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ. ითვლება, რომ რეაბილიტაცია პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე უნდა დაიწყოს. სპეციალისტების აზრით, საამისოდ ოპტიმალური დრო ხშირ შემთხვევაში ინსულტიდან 24-48 საათში დგება. ძირითადი სირთულეები პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იწყება, რადგან თქვენ მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო ადგილი უნდა მოძებნოთ, ამისთვის კი ყველა კლინიკა მზად არ არის.


როგორ უნდა შევარჩიოთ სარეაბილიტაციო კლინიკა?


პირველ რიგში, უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა კლინიკაში რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა და ჰყავთ თუ არა შესაბამისი სპეციალისტები. მაგალითად, ადგილობრივი პერსონალი უნდა მოიცავდეს ფიზიოთერაპევტს, ერგოთერაპევტს (რომელიც მას თვითმომსახურების უნარების აღდგენაში დაეხმარება), ლოგოპედს, უროლოგს ან ნეიროქირურგს, ფსიქოლოგსა და ნეიროფსიქოლოგს. ხშირად რეაბილიტაციისთვის სპეციალური აპარატურაა საჭირო. ამიტომაც კლინიკა პაციენტების საჭიროების შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.


რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ინსულტის სამედიცინო შედეგებს? 


ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ დროს მნიშვნელოვანია, ინსულტმა ტვინის რომელი ნაწილი მოიცვა, ფუნქციების რა მოცულობაზე იმოქმედა და როგორია ჩატარებული რეაბილიტაციის ხარისხი. ხილული შედეგები და თვალსაჩინო პროგრესი, როგორც წესი, ინსულტიდან სამი-ოთხი თვის შემდეგ აღინიშნება, თუმცა რეაბილიტაციიდან 1 ან 2 წლის შემდეგაც შეიძლება სიტუაცია ძირეულად შეიცვალოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სპეციალისტებთან ერთად კონკრეტული მიზნები განიხილოთ და ვადები დასახოთ. მაგალითად, ერთ თვეში დამოუკიდებლად ჩაცმის უნარის აღდგენა. ყოველი დადგენილი პროცედურა, ვარჯიში და აქტივობა პაციენტს სწორედ ამ შედეგს უნდა აახლოებდეს.


შესაძლებელია თუ არა სარეაბილიტაციო კურსის ორგანიზება სახლის პირობებში?


რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ხშირად აუცილებელიც კი. თუ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდეს, შეგიძლიათ ვარჯიში სახლის პირობებში სცადოთ. თუმცა ეს ყველაფერი პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამიტომ უმჯობესია, საბოლოო გადაწყვეტილება ექიმთან ერთად მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სახლის პირობებში რეაბილიტაციაც სპეციალისტების დახმარებას მოითხოვს, ხანდახან კი სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო. კომპრომისული ვარიანტის კონტექსტში შეგიძლიათ ონლაინ კონსულტაციები და დისტანციური ვარჯიშები განიხილოთ.


გასაგებია, მაგრამ მე შემიძლია რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობა?


რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ ექიმი გირჩევთ, შეგიძლიათ ფიზიკურ თერაპევტთან ერთად ვარჯიშების შესრულებაში დაეხმაროთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა, ასევე მშვიდი დამოკიდებულება და იმის მიღება, რომ თქვენი ახლობელი ადამიანი ახლა ნელა საუბრობს, უფრო ცუდად ხედავს, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს.


გაითვალისწინეთ, რომ ოჯახის მონაწილეობა მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, თუ ახლობლებმა არ იციან, რა ხდება კლინიკაში რეაბილიტაციის დროს, მაშინ ისინი ოჯახის წევრის დახმარებას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ვეღარ შეძლებენ.


მართალია, რომ ინსულტის შემდეგ ადამიანს შეიძლება ხასიათი გაუფუჭდეს? ამ დროს ოჯახი როგორ უნდა მოიქცეს?


დიახ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ადამიანს ინსულტის შემდეგ ხასიათი შეეცვალა და ირაციონალურად მოქმედებს. ის უფრო ხშირად იბუტება, მეტ ყურადღებას მოითხოვს, ღიზიანდება და ბრაზდება იმაზე, რომ მასზე სხვები ზრუნავენ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს პირად წყენად არ უნდა მიიღოთ: გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტები საკუთარი თავს უბრუნდებიან. იქამდე კი მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, ამავდროულად საკუთარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით.


გახსოვდეთ, რომ ადამიანებს, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს, ხშირად შეიძლება დეპრესია და შფოთვითი აშლილობა განუვითარდეთ. ამ პროცესის შეფერხება კი რეაბილიტაციას შეუძლია, რაც ფსიქოთერაპევტის ან ფსიქიატრის კონსულტაციას მოითხოვს. ამ დროს ექიმი მედიკამენტებს ნიშნავს და მკურნალობის ფსიქოთერაპიულ მეთოდს იყენებს. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია.


როგორ მოვაწყო ბინა ისე, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს?


პირველ რიგში, უსაფრთხო და მისთვის მოსახერხებელ გარემოზე იზრუნეთ. ამისათვის ექსპერტები ზოგად რეკომენდაციებს იძლევიან: ავეჯი დაამაგრეთ, აბაზანასა და ტუალეტში სპეციალური სახელურები დააყენეთ, დააგეთ ხალიჩები, რომლებიც არ სრიალებს, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელი ალტერნატივით ჩაანაცვლეთ და სხვ. უფრო ინდივიდუალური რჩევების მიღება კი კლინიკის პერსონალისგან შეგიძლიათ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930