4-05-2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 56 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მათგან ერთ-ერთის, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
რესპუბლიკურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში 3 პაციენტის ანალიზის პასუხს დღეს ელოდებიან.
საუნივერსიტეტო კლინიკაში 70 ინფიცირებულია, მათგან 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, იქ 69 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.