4-05-2020
ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ ფუფუნება იმისა, რომ იყვნენ არათანმიმდევრულები, დღეს ერთი თემა შემოიტანონ სადისკუსიოდ, ხვალ მეორე, თუმცა ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს; ჩვენ გვაკისრია პირდაპირი პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ისევე როგორც გადავარჩინოთ ეკონომიკა და დავიცვათ ბალანსი ამ ორ სიკეთეს შორის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იმ თემებზე ისაუბრა, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიცია აქცენტს აკეთებს და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება გასაგებია.
„ბოლო დღეებში ოპოზიცია სხვადასხვა საკითხზე აპელირებს; ჯერ მოითხოვეს ეკონომიკის სრულად გახსნა და 8 თუ 10 მაისიდან შეზღუდვების სრულად მოხსნა; შემდეგ, საუბარი იყო იმაზე, რომ მასობრივი ტესტირება იყო პანაცეა, თითქოს ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობამ მოვიხადეთ ეს ვირუსი და შეზღუდვების არსებობა აზრს მოკლებულია და ამიტომ უნდა მოგვეხსნა ერთიანად. გასაგებია ასეთი დამოკიდებულება, მათ აქვთ ფუფუნება, იყვნენ არათანმიმდევრულები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ეყრდნობა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზს და განპირობებულია მოქალაქეებზე ზრუნვით.
„ჩვენ ამ საკითხს გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანად ვეკიდებით, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ პროფესიონალების რეკომენდაციები. ეს არ არის ჩვენს მოსაზრებებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები, ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრულები და თითოეული გადაწყვეტილება მივიღოთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაყრდნობით. ეს ყველაფერი განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვით და ოპოზიციისთვის გაცილებით მარტივია სხვადასხვა საკითხზე აპელირება. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ შემოაქვთ გარკვეული საკითხი სადისკუსიოდ, თუნდაც უარგუმენტო დისკუსიისთვის, რასაც ჩვენ სერიოზულად ალბათ ვერ მოვეკიდებით, რადგან ჩვენს წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობებია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.