6-05-2020
„საერთაშორისო დონაციის პოტენციალი ამოწურული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უპასუხიმგებლოდ უნდა ავიღოთ ვალები. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ავიღოთ იმდენი ვალი და იმდენი დაფინანსება, რამდენიც აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი - დავძლიოთ კრიზისი და მეორე - დავასტიმულიროთ პოსტკრიზისული პერიოდი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას.
როგორც მან აღნიშნა, კრიზისის დაძლევის შემდეგ, ქვეყანა კვლავ დაიწყებს ვალების შემცირების პროცესს. ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა ავიღოთ იმდენი ვალი, რამდენიც აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი - დავძლიოთ კრიზისი და მეორე - დავასტიმულიროთ პოსტკრიზისული პერიოდი
„მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიძლევა, ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ ვალის შემცირებას, რაც გააჯანსაღებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენს ეკონომიკას გაცილებით მიმზიდველს გახდის. რატომ ვეცდებით, რომ მომავალში ვალი შევამციროთ? როდესაც ეკონომიკა უკვე აღდგენის პროცესშია, როდესაც პოზიტიური განვითარების დინამიკა გაქვს, სწორედ ამ პერიოდში უნდა იფიქრო, რომ ვალები შეამცირო, იმიტომ, რომ ღმერთმა ნუ ქნას და მსგავსი კრიზისი, ან სხვა ტიპის ეკონომიკური თუ ფინანსური კრიზისი მოხდეს, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ კვლავ მოვიზიდოთ ფინანსური რესურსები. ეს მართლაც რომ კრიზისული პერიოდია, ჩვენ გაგვეზრდება ვალის ოდენობა, მაგრამ პასუხიმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც აქამდე ვახორციელებდით, მოგვეცა საშუალება სწრაფად აგვეღო ამ ოდენობის ფინანსური რესურსი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ ამ პერიოდისთვის საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მოიზიდა საერთაშორისო დაფინანსება.
„ამ პერიოდისათვის, ჩვენ გვაქვს სწორი, ადეკვატური პოლიტიკა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პირველებმა მოვახდინეთ ამ თანხების მობილიზება, ერთ-ერთ პირველებს დაგვიდასტურა პროგრამა და გამოგვიყო თანხა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. დამერწმუნეთ, რეპუტაციულად, როგორც არასდროს, ისე კარგად გამოვიყურებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომი წლები ავიღოთ ვალი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვალის აღება შეგვიძლია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მან ხაზი გაუსვა იმ დახმარებებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიიღებს.
„საუბარია 3 მილიარდ აშშ დოლარზე. აქედან, სახელმწიფო მიიღებს 1,5 მილიარდამდე დაფინანსებას, ეს ძალაშია და საკმაოდ რეალურია. პრაქტიკულად, პროცესი დაწყებულია. წინა კვირას, მოვაწერეთ ხელი მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულებას 80 მილიონ დოლარზე, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 100 მლნ დოლარის დაფინანსების მიღებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის ფარგლებში, დაგვიმტკიცა 200 მლნ აშშ დოლარი. შემდგომში, ეტაპობრივად მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება აზიის განვითარების ბანკთან, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან, საფრანგეთის განივითრების სააგენტოსთან. რაც შეეხება მეორე 1,5 მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც გაჟღერდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ეს თანხა მიმართულია ქართული ბანკებისა და რეალური სექტორის მხარდაჭერისკან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.