6-05-2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, გლდანის აგრარული ბაზრის საცალო განყოფილებაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ძველი დახლების დემონტაჟს, რეცხვა-დეზინფექციასა და ნარჩენების გატანას ბაზრის ადმინისტრაცია და იქ მომუშავე ადამიანები უზრუნველყოფენ.
სავაჭრო ობიექტის მოწესრიგების პარალელურად, ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს სააგენტოს ინსპექტორებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს ახალი კორონავისურისის პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები და სურსათის უვნებლობის სტანდარტები. იმისათვის, რომ აგრარულმა ბაზრებმა ფუნქციონირება შეძლონ, გაცემული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა.
აღნიშნული ბაზრის საბითუმო განყოფილებას ფუნქციონირება აღუდგა 3 მაისს, მას შემდეგ, რაც სააგენტოს ყველა მითითება შესრულდა, ადმინისტრაციამ უზრუნველყო დისტანციის დაცვა, მომხმარებელთა დამცავი საშუალებებით აღჭურვა, თერმოსკრინინგი, ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი მანქანების დეზინფექცია.
აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სავაჭრო ობიექტების მონიტორინგსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.