7-05-2020
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ მიუღიათ. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი, აქედან დადასტურებულია 68. გვაქს 1 გამოჯანმრთელება, ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. 9 პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილი“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ და მათთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.