10-05-2020
გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „კოვიდ-19“-თან გამკლავების მეთოდებს ქაოტურს უწოდებს.
„როიტერის“ ცნობით, ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, ბარაკ ობამა თავისი ყოფილი ადმინისტრაციის წევრებს ესაუბრება. ამასთან, ობამა მხარდამჭერებსა და ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდს თუ პოლიტიკურ პარტიას არ ეხება.
„ამ კრიზისზე საპასუხო რეაქცია საუკეთესო მთავრობის პირობებშიც კი, ცუდი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, რეაქცია აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა აღმოჩნდა“, – აცხადებს ბარაკ ობამა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს მოხდა სწორედ იმ დამოკიდებულებების გამო, რომლებიც ამჟამინდელ ადმინისტრაციაში უკვე სისტემურ დონეზე არსებობს და რომლებიც ყველა სიტუაციაში მხოლოდ მოგების ნახვას ისახავს მიზნად.