10-05-2020
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ძალიან გაიზარდა კორონავირუსზე ტესტირებულთა რაოდენობა. ამასთან, როგორც გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში აღნიშნა, კარგია, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ იკლო.
„კარგი ამბავია ის, რომ ტესტირებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა დადასტურებულთა რაოდენობა მცირდება, რაც ჭეშმარიტად მიუთითებს იმას, რომ საზოგადოებაში ინფექციის გავრცელებას ადგილი არ აქვს, რაც ასევე ძალიან კარგი ნიშანია. 12-მდე ლაბორატორია მონაწილეობს უკვე ტესტირების პროცესში, ტესტები არის. ასევე, გვაქვს კონკრეტული შეკვეთები უკვე დაწყებული იმისთვის, რომ მარაგი დროულად შეივსოს. ანუ, ჩვენ გვექნება სტაბილური მარაგი იმისთვის, რომ პრიორიტეტული ჯგუფების ტესტირება მოხდეს.
გასულ კვირაში გამოიცა მინისტრის ახალი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს იმ ჯგუფებს, ვინც ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას „პისიარ“ მეთოდით. „პისიარ“ მეთოდი, როგორც მოგეხსენებათ, რჩება ოქროს სტანდარტად. თუ აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით დავუშვათ ანტისხეულებზე რეკომენდებული ტესტირების თაობაზე სამედიცინო პერსონალში, ახლა უკვე, ამ ახალი ბრძანების თანახმად, სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები, ასევე მათი მომვლელები, პირები რომლებიც კარანტინში იმყოფებიან და უნდა დატოვონ საკარანტინო სივრცე, ასევე ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, ექვემდებარებიან უკვე სავალდებულო ტესტირებას „პისიარ“ მეთოდით. ეს მეთოდი აქამდეც სავალდებულო იყო ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელიც ჰოსპიტალურ ქსელში ხვდება, ასევე პნევმონიით დაავადებული პაციენტებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია აცხადებს, რომ სავალდებულო „პისიარ“ ტესტირებისთვის ნუსხა არის უკვე საკმაოდ სოლიდური, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სტაბილურად ჩატარდეს ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში
„სადმე ოდნავ მაინც თუ არის ინფექციის გავრცელების რისკი ან ინფიცირებული ადამიანი, მისი გამოვლენა მოხდება ძალიან დროულად და მოხდება მისი იზოლირება სხვა პირებისგან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ეფექტური და უსაფრთხო აღდგენისთვის, ზოგადად ბიზნეს საქმიანობის ასე ვთქვათ, სოციალური აქტივობის. ამდენად, ტესტირების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი მზაობა და მე ვფიქრობ, ის რაოდენობა, რასაც დღეს ჩვენ ვატარებთ, კიდევ უფრო გაიზრდება და შედეგიც გვექნება შესაფერისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.