10-05-2020
“კარგია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყოთ შეზღდვების მოხსნა და ეკონომიკური, სოციალური ფუნქციების აღდგენა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აშკარად უმჯობესდება და ეს ჯანდაცვის პროფესიონალების, ხელისუფლების და საზოგადოების ძალისხმევის დამსახურებაა.
„პანდემიის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. საქართველომ აქაც დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა ეფექტურად შეუძლია. დიდი სამუშაო გასწიეს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებმა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველი ერთ-ერთი პირველია ვინც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა დაიწყო და ერთ-ერთი პირველია, ვინც ტურისტული სექტორის გახსნის გეგმა წარადგინა. ხელისუფლების კოორდინირებულმა მუშაობამ და ჯანდაცვის მუშაკთა წარმატებამ ჩვენ მოგვცა საშუალება ნაკლები ზიანით გამოვიდეთ პანდემიიდან” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.