გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატომ შეიძლება ვერასდროს გავიგოთ სიმართლე ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ?

11-05-2020

2020 წლის 2 მაისს The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია სადაზვერვო ალიანსის „ხუთი თვალი“ (აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და დიდი ბრიტანეთი) ანგარიშის ბმული. აქ ნათქვამია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი კოროვირუსული ინფექციის გამოვლენის შესახებ მონაცემები  გაანადგურა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავრობა ექიმებს აიძულებდა, ვირუსის შესახებ ინფორმაცია დაემალათ. ამავდროულად ჩინეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა, ვაქცინაზე მომუშავე უცხოელი სპეციალისტებისთვის ჩინელი პაციენტებისგან აღებული ნიმუშები მიეცათ. ამ ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და CIA- ს ყოფილმა დირექტორმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ახალი კორნავირუსის  ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ "მნიშვნელოვანი მტკიცებულება" არსებობს. თუმცა ამ საკითხზე ერთსულოვანი მოსაზრება აშშ-ის არც სამეცნიერო საზოგადოებას და არც სადაზვერვო სააგენტოებს აქვთ. ჟურნალმა Newsweek-მა აღნიშნულ თემას მიუძღვნა ვრცელი სტატია, რომელშიც მნიშვნელოვანი ასპექტებია განხილული.


რა მოხდა უხანის ლაბორატორიაში? 


27 მარტს, მას შემდეგ რაც აშშ-მა COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებით ჩინეთის ანალოგიურ მონაცემებს გადააჭარბა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ახალი კორონავირუსის - SARS-CoV-2-ის  წარმოშობის შესახებ თავისი ანგარიში განაახლა. ამ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ვირუსი, სავარაუდოდ, ბუნებრივი წარმოშობის იყო. 27 მარტს განახლებულ ანგარიშში კი მითითებულია, რომ შესაძლოა, ვირუსმა პათოგენების შემსწავლელი ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონა. 


ანგარიში სრულდება დასკვნით, რომ ახალი კოროვირუსის ნამდვილი ბუნება, სავარაუდოდ, ვერასდროს დადგინდება. თუმცა მოხსენების ავტორები და ყველა ის მეცნიერი, რომლებსაც Newsweek- ის ჟურნალისტები ამ თემაზე ესაუბრნენ, SARS-CoV-2-ის, ბიოლოგიური იარაღის სახით, შეგნებულად შექმნისა და გავრცელების ალბათობას კატეგორიულად უარყოფენ.  


ნებისმიერი ვირუსის წარმოშობის შესწავლა ძალიან შრომატევადი ამოცანაა. უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებს ათ წელზე მეტი დასჭირდათ იმისათვის, რომ ეპოვათ იუნანის შორეულ პროვინციაში მდებარე მღვიმე, სადაც ბინადრობენ ღამურები, რომლებიც მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS - severe acute respiratory syndrome) გამავრცელებლები არიან. კორონავირუსის ამ სახეობამ ეპიდემია 2002-2003 წლებში გამოიწვია. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი 2020 წლის თებერვალში ჩინეთის სამხედრო მედიცინის აკადემიის მეცნიერების განცხადება: შეუძლებელია, ახალი კოროვირუსის ბუნებრივი ან ხელოვნური  წარმომავლობა მეცნიერულად დადგინდეს. 


თუმცა აშკარაა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ საჭირო და აუცილებელი ღიაობა თავიდანვე არ გამოიჩინა. ახალი ეპიდემიის პირველ ხანებში, ქვეყნის მთავრობა ცდილობდა, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკი შეემცირებინა. ამადროულად ჩინეთის ხელისუფლება აიძულებდა მეცნიერებს გაჩუმებულიყვნენ, რადგან ეს უკანასკნელნი ახალი ინფექციის უპრეცედენტო საფრთხეზე საუბარს ცდილობდნენ. გარდა ამისა, ჩინელი ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ პანდემიის ეპიცენტრი უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. თუმცა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია: აშშ-ის ხელისუფლებისა და ჩინელი მეცნიერების ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი 41 პაციენტიდან, სულ ცოტა, მესამედს ამ ბაზართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. 


ჯერჯერობით, სამეცნიერო კვლევები და არაპირდაპირი მტკიცებულებები  შემდეგ ფაქტებზე მიუთითებს:


-    2002 წელს, ჩინეთის პროვინცია გუანდუნში მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS - severe acute respiratory syndrome) გაჩენის შემდეგ, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობების მნიშვნელოვანი ძალისხმევითა და თანხების ინვესტიციით, უცნობი პათოგენების შესწავლა დაიწყო. ამავე პროცესის ფარგლებში უნდა დადგენილიყო კორონავირუსის ეს სახეობა ადამიანისთვის რამდენად საშიშია და შემუშავებულიყო ახალი პანდემიის პროფილაქტიკის მეთოდები;

-    2019 წლის შემოდგომაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 გამოჩნდა. თავდაპირველად ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს ინფექცია მხოლოდ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად ვრცელდებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირველი ინფიცირებულის უმრავლესობას უხანის ბაზართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გაირკვა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზეც არის შესაძლებელი,  ჩინეთის ხელისუფლება კი დანარჩენ მსოფლიოში ისევ დეზინფორმაციას ავრცელებდა, რათა საფრთხე შეემცირებინა. თუმცა უკვე გვიანი იყო და ახალი კოროვირუსული ინფექცია გადაიქცა პანდემიად, რომელმაც მთელ მსოფლიოში იფეთქა;

-    მარტში SARS-CoV-2-ის ბუნებრივი წარმოშობის ჰიპოთეზა სულ უფრო საეჭვო გახდა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ღამურების კორონავირუსული შტამების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია ინახება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ექსპერიმენტებს ატარებდა gain of function-ის (GOF ) სფეროში, რაც ახალი თვისებების შეძენით ვირუსების მუტაციას გულისხმობს. 


ვირუსის მუტაციის ექსპერიმენტები მხოლოდ უხანის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა?


არა, მსგავსი კვლევებით მხოლოდ ჩინელი მეცნიერები არ იყვნენ დაკავებული. GOF-ის ექსპერიმენტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ ლაბორატორიაში ტარდება. ეს არის ათწლიანი პროგრამა PREDICT-ი, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მას რამდენიმე ქვეყნის მთავრობა აფინანსებს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი აშშ-ია. ამ ექსპერიმენტების მიზანია ვირუსების გარკვეული თვისებების გაძლიერებით მათი პოტენციალის შეფასება, რაც ადამიანებს შორის სწრაფ გავრცელებას გულისხმობს. 


ზოგიერთი მეცნიერი ამ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ არგუმენტებს ემატება ისიც, რომ ლაბორატორიებიდან (აქ ვირუსებს შეისწავლიან და მათზე ექსპერიმენტებს ატარებენ) პათოგენების გაჟონვის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. მაგალითად, 2004 წელს SARS- მა პეკინის ლაბორატორიიდან გაჟონა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაინფიცირდა, ერთ-ერთი მათგანი კი დაიღუპა. 2014 წელს აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიიდან ციმბირის წყლულმა გაჟონა. ამის შედეგად 84 ადამიანი დაინფიცირდა. ასეთი გაჟონვისთვის არც რთული სქემაა საჭირო და არც მავნე განზრახვა. ამ დროს საკმარისია, ლაბორატორიის ერთი თანამშრომელი შემთხვევით დაინფიცირდეს, ამის შესახებ თავად ვერაფერს მიხვდეს, დაავადებული სამსახურიდან სახლში წავიდეს და ასე გაავრცელოს ინფექცია. 


უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ჯერ კიდევ 2018 წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტს უსაფრთხოების უმაღლესი დონის ლაბორატორიაში საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის არ არსებობის შესახებ აფრთხილებდა. მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის  "ხელოვნური" წარმოშობის ან უხანის ლაბორატორიიდან მისი გაჟონვის შესახებ პირდაპირი და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მრავალი არაპირდაპირი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ამ ლაბორატორიის მუშაობაზე  სერიოზული ანალიზი უნდა ჩატარდეს.


როგორ ვრცელდება ვირუსი? 


10 წლის წინ მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება სრულიად სხვა ვირუსით გამოწვეული ეპიდემიისკენ იყო მიპყრობილი. ეს გახლდათ H5N1. მან „ფრინველის გრიპის“ სახელწოდება მიიღო, რადგანაც ინფიცირდებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსის გამავრცელებელ ფრინველებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ. სპეციალისტების განმარტებით, ეპიდემიას მხოლოდ მომაკვდინებელი ვირუსი ვერ გამოიწვევს, მას ამისათვის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარიც უნდა ჰქონდეს. 


მაშინ ნიდერლანდების სამეფოს ერასმუსის უნივერსიტეტის მეცნიერი რონ ფუშე იკვლევდა, თუ რა უნდა მომხდარიყო, რომ H5N1-ის ტიპის ვირუსი მართლაც საშიში გამხდარიყო. ეს კითხვა ტყუილად არ დასმულა: ამაზე პასუხს ახალი ეპიდემიის თავიდან აცილება შეეძლო. ფუშეს თქმით, H5N1-ს მხოლოდ რამდენიმე მუტაცია დააკლდა, რომ ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უნარი გამოემუშავებინა. ამის შედეგად კი მსოფლიო მიიღებდა ისეთ პანდემიას, როგორც ეს ესპანური გრიპის, იმავე „ესპანკის“ დროს მოხდა. 


ფუშემ თავისი ექსპერიმენტის ფარგლებში, H5N1-ის ვირუსით ერთი ფრინველი დააინფიცირა, შემდეგ კი მისგან აღებული ნაცხით - სხვა. ყოველ ჯერზე, ვირუსი ოდნავ მუტაციას განიცდიდა. მისი თვისებები ერთი ფრინველიდან მეორეზე გადაცემის შემდეგ იცვლებოდა. ნაცხის მეშვეობით ვირუსის მეათე გადაცემის შემდეგ, ფუშემ შენიშნა, რომ ინფიცირდებოდნენ ის ჯანმრთელი ფრინველებიც, რომლებიც გალიაში დაინფიცირებულებთან ერთად იყვნენ. ეს პროცესი უკვე მისი ჩარევის გარეშე გაგრძელდა. ამრიგად, ფუშეს განმარტებით, ვირუსმა ფრინველიდან ფრინველზე გადაცემის უნარი შეიძინა. შესაბამისად, თეორიულად მას ადამიანების შემთხვევაშიც იმავეს გაკეთება და გლობალური პანდემიის გამოწვევაც შეეძლო. 

ფუშემ თავისი კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში 2011 წელს გამოაქვეყნა. მისმა დასკვნებმა სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ობამას ადმინისტრაციის ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფუშემ თავისი ექსპერიმენტები ჩაატარა BSL-2 უსაფრთხოების დონის ლაბორატორიაში და არა მაქსიმალური BSL-4-ის კლასის დაწესებულებაში, რომელიც, როგორც წესი, აბსოლუტურად იზოლირებულია. 2015 წელს ჰარვარდის ეპიდემიოლოგმა მარკ ლიპსიჩმა ჟურნალ Nature- ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ  ფუშეს ექსპერიმენტის მსგავსი ცდები "წარმოქმნის ლაბორატორიიდან გაჟონვის უპრეცედენტო რისკს, რომელსაც შეუძლია მილიონობით მსხვერპლის მქონე გლობალური პანდემია გამოიწვიოს“. 


ფუშეს ოპონენტები მოითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც ვირუსების თვისებებს ხელოვნურად  აძლიერებენ. ამ წინადადებას აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა მხარი დაუჭირა. თუმცა ფუშეს მომხრეები ამგვარ რისკებს დაჟინებით ამართლებდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. 2017 წელს მორატორიუმი მოიხსნა. იქამდე კი 2009 წელს დაიწყო პროგრამა PREDICT-ი, რომელიც 10 წლის ვადით შეიქმნა, 2019 წელს კი ის გახანგრძლივდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი პანდემიის დაწყებამდე, 30-ზე მეტი BSL-4 კლასის ლაბორატორიის ვირუსოლოგები ეძებდნენ ვირუსების ახალ, აქამდე უცნობ შტამებს და მათ შესაძლო მუტაციას სწავლობდნენ. ამ პროგრამის ეფექტიანობა სამეცნიერო საზოგადოებაში დღემდე კამათს იწვევს. მაგალითად, აშშ-ის რატგერსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი რიჩარდ ებრაიდი ამტკიცებს, რომ ამ ინიციატივას არ ჰქონია არანაირი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიას თავიდან აგვაცილებდა ან მეცნიერებს COVID-19-ის ვაქცინის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა.


რა როლი აქვს ჩინეთს ამ ყველაფერში? 


უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ერთ-ერთია იმ ათობით BSL-4 კლასის ლაბორატორიიდან, რომელმაც პროგრამა PREDICT-ის ფარგლებში დაფინანსება მიიღო. 2004 წლიდან ვირუსოლოგ ში ჩჟენლის ხელმძღვანელობით, სამეცნიერო ჯგუფი ატარებს ექსპედიციებს მღვიმეებში, სადაც ღამურები ბინადრობენ. მკვლევრები ღამურების ანალურ ნაცხებსა და მათ ექსკრემენტებს აგროვებდნენ, შემდეგ კი ამ ნიმუშებს ლაბორატორიაში შეისწავლიდნენ. 2015 წელს ში  ჩჟენლის ჯგუფმა  ჩაატარა GOF ექსპერიმენტი SARS შტამის ერთ-ერთ ნიმუშზე, რომელშიც მათ ღამურისგან აღებული კორონავირუსის გენომი დაამატეს. ამის შედეგად მეცნიერებმა მიიღეს ახალი კორონავირუსი, რომელსაც ადამიანის სხეულის უჯრედების დაზიანება შეეძლო. 


თუმცა უხანის ლაბორატორიაში ექსპერიმენტის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს. ამ კვლევითმა დაწესებულებამ  BSL-4 სერტიფიკატი მხოლოდ 2018 წელს მიიღო. შესაძლოა, ში ჩჟენლის ჯგუფმა ექსპერიმენტები ვირუსის ცხოველებიდან ცხოველის გადაცემის შესახებ უკვე ახალ ლაბორატორიაში ჩაატარა, მაგრამ მისი დასრულება და შედეგების გამოქვეყნება ახალი პანდემიის დაწყებამდე ვერ მოასწრო, რადგან ამ დროისთვის ჩინეთის მთავრობამ  ახალი კვლევების შედეგების გამოქვეყნება აუკრძალა. შესაძლოა, ეს სამუშაოები გასაიდუმლოებული სამთავრობო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ის საერთოდ არც ჩატარებულა. თუმცა Newsweek- ის რეპორტიორების მიერ გამოკითხულ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ასეთი კომპლექსური და ძვირადღირებული BSL-4 კლასის ლაბორატორიაში  2018 წლიდან ვირუსის ცხოველიდან ცხოველზე გადაცემის ექსპერიმენტები არ ჩატარებულიყო.


ვინ შეისწავლის ახალი კორონავირუსის წარმომავლობას?


ამერიკული ინსტიტუტის, Scripps Research-ის მეცნიერი ქრისტიან ანდერსენი თავის კოლეგებთან ერთად ცდილობდა გაერკვია, საიდან მოვიდა SARS-CoV-2. ამისათვის მკვლევრებმა ვირუსის გარკვეული გენეტიკური თვისებების შესწავლა დაიწყეს, რათა მის გენომზე რამე სახის „მანიპულაციის“ კვალი აღმოეჩინათ. ანდერსენი და მისი კოლეგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვირუსს სავარაუდოდ ბუნებრივი წარმომავლობა აქვს  და არანაირი მანიპულაციის კვალი არ არსებობს. თუმცა ეს მეცნიერული კვლევა არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ვირუსის წარმოშობა ცხოველიდან ცხოველზე გადაცემის ექსპერიმენტს უკავშირდებოდეს. ანდერსენმა Newsweek-ის ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 


ანდერსენის ნამუშევრები სხვა მეცნიერებმა გააკრიტიკეს. რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ ებრაიტმა, რომელიც GOF-ექსპერიმენტების მოწინააღმდეგეა, Newsweek-თან ინტერვიუში თავისი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსირა: „ისინი აცხადებენ, რომ ვირუსს მუტაცია ერთი ცხოველიდან მეორეზე გადაცემის დროს შეეძლო. ამავდროულად იმასაც ამბობენ, რომ ლაბორატორიის პირობებში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარების ალბათობა არსებობს. ეს ორივე შესაძლებლობა თანაბარია და ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს“.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ჯონათან აიზენი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა უმეტესობა SARS-CoV-2-ის ბუნებრივ და არა ხელოვნურ წარმომავლობაზე მიუთითებს. „ჯერჯერობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი არაბუნებრივი გზით გაჩნდა და ეს გარკვეული გენეტიკური მანიპულაციის შედეგი იყო“, - განაცხადა მან Newsweek– თან ინტერვიუში. 


უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ინახება RATG13 ვირუსის ნიმუში, რომელსაც SARS-CoV-2-თან ყველაზე მეტი საერთო აქვს: მათი გენეტიკური მასალის 96% ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა ეს დარჩენილი ოთხი პროცენტიც არ იქნებოდა ადვილი გადასალახი ცხოველიდან ცხოველზე გადაცემის ექსპერიმენტის მეშვეობით - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი რალფ ბარიკი, რომელიც ში ჩჟენლისთან ერთად 2015 წელს GOF ექსპერიმენტზე მუშაობდა. მისი აზრით, ახალი კოროვირუსის წარმომავლობის დადგენის ერთადერთი გზა სამეცნიერო კვლევის სრული ღიაობა და სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობაა. თუმცა მსგავს ალბათობას ბარიკი სკეპტიკურად უყურებს: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინელები ამას დაუშვებენ. არ ვიცი, ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სხვა ქვეყანა როგორ მოიქცეოდა. მინდა მჯეროდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ღია იქნებოდა“.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930