გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ აგროდაზღვევა უკვე სისტემურ მიმართულებად ვაქციეთ

12-05-2020

„აგროდაზღვევა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერ ქვეყანაში. უნივერსალური წარმატებული მაგალითი არ არსებობს, თუმცა, წლიდან წლამდე, საქართველოში აგროდაზღვევის კომპონენტი იხვეწება. აგროდაზღვევის პროექტი 2014 წლიდან დავიწყეთ. შემდეგ ბევრი ელემენტი შევცვალეთ, დავხვეწეთ. სადაზღვევო კომპანიებს, ფერმერებს დღეს უკვე აქვთ გამოცდილება, მათ შორის წარმატებული გამოცდილება სადაზღვევო სერვისით სარგებლობის; თუმცა არის გამოწვევები, განვითარება საჭიროა. მაგრამ მთავრია, რომ ჩვენ აგროდაზღვევა უკვე სისტემურ მიმართულებად ვაქციეთ. პროექტი სამწლიანი იქნება. ეს მისცემს ფერმერებს საშუალებას, მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის. სამწუხაროდ, ახლა სოფლის მეურნეობაში სწორედ ეს რისკიანი ფაზა გვაქვს. მოვუწოდებთ ფერმერებს, რომ ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რაც გვაძლევს საშუალებას, მინიმუმამდე შევამციროთ ზარალი. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადაფინანსება პრემიის კუთხით - მცირე მეურნეობებისათვის დახლოებით 70%-იანი თანადაფინანსება - ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთ კარგი პრაქტიკაა საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დროს.

აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ პოლისის ღირებულების 70%-ით, ხოლო ვაზზე, 50%-ით განისაზღვრა. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიონ ლარს.

მიმდინარე წელს იგეგმება, 15,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაცემა და 12,000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს როგორც ერთწლოვანი ისე მრავალწლოვანი კულტურა.
2020 წლის აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა ფერმერებს შეუძლიათ 2020 წლის 15 აპრილიდან. აგროდაზღვევის პოლისის შესაძენად, ფერმერმა უნდა მიმართონ პროგრამაში ჩართულ 7 სადაზღვევო კომპანიას: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ევროინსჯორჯია, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა, ნიუვიჟენ დაზღვევა.

ფერმერი აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს სადაზღვევო კომპანიასთან, იხდის სადაზღვევო პრემიის ღირებულების საკუთარ წილს, მოცდის პერიოდის (4 დღე) გასვლის შემდეგ პოლისი ძალაშია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031