13-05-2020
“ჩვენ უკვე ვემზადებით არჩევნებისთვის. ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ამით განისაზღვრება, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკური სუტუაცია შემდგომი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, ეს კამპანია წარიმართოს პოზიტიური დღის წესრიგით.
„ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ სამომავლო ხედვა. ამით უნდა იყოს ყველა პარტია დღეს დაკავებული. იმედი მაქვს, რომ რაღაც ფორმით მაინც კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოექცევა წინასაარჩევნო კამპანია. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში არის ის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებას და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგი ამ არჩევნების პერიოდშიც. სჯობს ოპოზიცია ნაცვლად სპეკულაციებისა, დაკავდეს საკუთარი ხედვის შეთავაზებით საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.