გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე გოგინავა: არ არსებობს ინფექცია, რომლის დამარცხება ადამიანებს ერთად არ შეგვიძლია

13-05-2020

არ არსებობს ინფექცია, რომლის დამარცხება ადამიანებს არ შეგვიძლია. უბრალოდ, მთავარია, რომ ვიყოთ ერთად და ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსსა და ნებისმიერ სხვა ინფექციას. სხვაგვარად ეს არ გამოგვივა. ერთიანობა დაგვამარცხებინებს ყველანაირ პრობლემას. მათ შორის ისეთ ვერაგ ინფექციას, როგორიც კორონავირუსული ინფექციაა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში სტუმრობისას.

მისივე განცხადებით, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, თუმცა მოსახლეობამ კვლავ უნდა გააგრძელოს სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა.

„ადამიანებს მუდმივად სახლებში გამოკეტილს ვერ დავტოვებთ. გარდა ამისა, ამას თან ახლავს თავისი მინუსები, ეკონომიკურ, სოციალური კუთხით. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ადამიანბი გამოკეტილი დავტოვოთ. მოგეხსენებათ, ახლა ეპიდემიოლოგიურად კარგი სიტუაციაა და ვირუსის გავრცელება ძალიანაა შემცირებული. ამიტომ, ამ ეტაპზე, შეზღუვების მოხსნა მისაღებია. თუმცა ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება. ის უნარ-ჩვენები, რაც შევიძინეთ; რიგში დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის ტარება, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფექციურ საავადმყოფოში 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930