13-05-2020
კორონავირუსის წარმოშობისა და განვითარების მარტივმა საკითხმა საფუძველი დაუდო კვლევებს, სპეკულაციებსა თუ კონსპირაციულ თეორიებს.
ამ ეტაპზე კვლევები მიუთითებს, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა, დიდი ალბათობით ღამურებში, შემდეგ კი სხვა ცხოველში გადახტა და შეიძინა საჭირო მუტაციები, რათა გამოეწვია ის პანდემია, რომელშიც ამჟამად გვიწევს ცხოვრება.
ახალი კვლევა ამ თეორიას უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს. მკვლევართა ჯგუფმა ღამურებში აღმოაჩინა კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახლო ნათესავი ვირუსი, რომელსაც ზუსტად მისი მსგავსი ინსერციული მუტაციები აქვს — ვირუსულ გენომში გენეტიკური მასალის „ჩართვისათვის“ საჭირო მახასიათებლები; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის შემადგენლობაში ასეთი ცვლილებები შეიძლება ბუნებრივად მოხდეს.
„SARS-CoV-2-ის აღმოჩენის დღიდანვე გაჩნდა არაერთი უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ვირუსი ლაბორატორიული წარმოშობის იყო“, — ამბობს ჩინეთის შანდუნის პროვინციის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ვეიფენგ ში.
„კონკრეტულად კი მიუთითებდნენ, რომ S1/S2 ინსერციები ძლიერ უჩვეულოა და ალბათ ის ლაბორატორიული მანიპულაციის მანიშნებელი იყო. ჩვენი კვლევა კი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ასეთი მუტაციები ველურ ბუნებაში ბუნებრივად ხდება. ეს კი ძლიერი მტკიცებულებაა SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გაქცევის თეორიის წინააღმდეგ“, — ამბობს ში.
ღამურის ახლად აღმოჩენილ კორონავირუსს ჯგუფმა RmYN02 უწოდა; მისი იდენტიფიცირება ჩინეთის იუნანის პროვინციაში 2019 წლის მეორე ნახევარში შეგროვებული 227 ღამურის 302 ნიმუშის ანალიზისას მოხერხდა.
ღამურების ნიმუშებში ნაპოვნ ვირუსთა ანალიზის შემდეგ, ჯგუფმა აღმოაჩინა ორი კორონავირუსის თითქმის სრული გენომი — RmYN01 და RmYN02.
RmYN02-ს SARS-CoV-2-თან მხოლოდ სუსტი დამთხვევა ჰქონდა. თუმცა, RmYN01 ერთგვარ ჯეკპოტს წააგავდა. საქმე ის არის, რომ ამ კორონავირუსის გენომი 93,3 პროცენტით ემთხვევა SARS-CoV-2-ისას, კონკრეტულ გენს კი, სახელად 1 ab-ს 97,2-პროცენტიანი დამთხვევა აქვს, რაც ამ გენის ყველაზე ახლო დამთხვევაა ამ დრომდე.
შემდეგ მოდის ინსერციული მოვლენები. ორი წვეტი ცილის ქვედანაყოფის (S1 და S2) შეხვედრის წერტილში, RmYN02 შეიცავს ამინომჟავის ინსერციებს. S1 და S2 ინსერციები SARS-CoV-2-საც აქვს; მართალია, ამ ორ ვირუსში ისინი ერთი და იგივე ამინომჟავები არ არის, მაგრამ აჩვენებს, რომ ასეთი ჩართულობები შეიძლება მოხდეს ბუნებრივად, ყოველგვარი ლაბორატორიული მანიპულაციის გარეშე.
მიუხედავად მსგავსებებისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ RmYN02 პირდაპირი წინაპარია COVID-19-ის გამომწვევი ვირუსისა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რეცეპტორის ამგები დომენის ყველაზე მნიშვნელოვან გენს ძალიან დაბალი დამთხვევა აქვს SARS-CoV-2-თან — მხოლოდ 61,3 პროცენტი.
თუმცა, ახალი კორონავირუსის გენომის პოვნა წარმოუდგენლად სასარგებლოა, თუკი გვსურს იმის დადგენა, როგორ განვითარდა და მიიღო დღევანდელი სახე SARS-CoV-2-მა.
„ჩვენი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღამურები, განსაკუთრებით კი ცხვირნალისებრთა (Rhinolophus) გვარის წარმომადგენლები, კორონავირუსების მნიშვნელოვანი ბუნებრივი რეზერვუარებია და ამჟამად შეიცავენ SARS-CoV-2-ის უახლოეს ნათესავებს; ახალი ნიმუშების აღების პარალელურად, ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს“, — წერს ჯგუფი.
მკვლევართა განცხადებით, ამ კონტექტსში გასაოცარია, რომ მალაიურ ცხვირნალისებრ ღამურაში აღმოჩენილი კორონავირუსი RmYN02 არის SARS-CoV-2-ის უახლოესი ნათესავი 1 ab რეპლიკაზის გენში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვირუსს რეკომბინაციის კომპლექსური ისტორია აქვს.
წინა კვლევებისას ღამურებში ასევე აღმოჩენილია SARS-CoV-2-ის კიდევ ერთი უახლოესი ნათესავი კორონავირუსი სახელად RaTG13, რომელიც მას რნმ-ით 96,1 პროცენტით ემთხვევა. თუმცა, სავარაუდოა, რომ ღამურებში კიდევ უფრო ახლო ნათესავი კორონავირუსებიც არსებობს.
„არც RaTG13 და არც RmYN02 არ გახლავთ SARS-CoV-2-ის პირდაპირი წინაპარი, რადგან ამ ვირუსებს შორის მაინც არსებობს ევოლუციური ნაპრალი“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ჩინეთის შანდუნის პროვინციის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ვეიფენგ ში.
მისივე თქმით, მათი კვლევა ძლიერ მიუთითებს, რომ ველური ბუნებიდან უფრო მეტი ნიმუშის აღება გამოავლენს SARS-CoV-2-ის უფრო ახლო ნათესავ ვირუსებს, შეიძლება მის პირდაპირ წინაპარსაც, რომელიც გვეტყვის, როგორ გადმოხტა და განვითარდა ეს ვირუსი ადამიანებში.