13-05-2020
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს. საგანგებო ვიდეომიმართვა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო, ერევნის ქუჩებში ხალხის რაოდენობამ იმატა, მათი დიდი ნაწილი კი უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს. „თუ ასე გაგრძელდება, ვითარება გაუარესდება და იძულებულნი გავხდებით, შეზღუდვები ისევ ავამოქმედოთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 3 718 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე 48 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.