14-05-2020
ახალი სტილით 14 მაისი თამარ მეფის ხსენების დღეა. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, სადღესასწაულო წირვა ტარდება.
საქართველოში თამარ მეფის ხსენების დღეს – თამარობას, როგორც ეროვნულ დღსასწაულს 1917 წლიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღნიშნავენ.
წმინდა მეფე თამარი 1178 - 1213 წწ-ში მოღვაწეობდა. იგი ტახტზე 12 წლის ასაკში ავიდა და სახელმწიფოს 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა. ის საქართველოს პირველი ქალი მეფე იყო.
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელს საქართველოს მეფობა ოქროს ხანაში მოუწია და წარმატებული მმართველიც აღმოჩნდა.
თამარის დროს, საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას არ ემყარებოდა, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, კი გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურების, ეკლესიის კეთილმსახურებისა და სიქველისათვის თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.
მკვლევარების აზრით, თამარი გელათის მონასტერში, უნდა იყოს დაკრძალული. თუმცა, დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.