14-05-2020
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს არ შეგვეჩერებინა, ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი უკვე დაიწყო და გადმორიცხულია 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი. სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორც სახელმწიფოს ზრუნვის უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავების, არა მხოლოდ უსაფრთხოების, ან დემოკრატიზაციის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით და ამას ჩვენთვის ეკონომიკური შინაარსის გარდა აქვს სხვა დატვირთვაც. ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში, შავი ზღვისპირეთში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.