გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები და სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის - პრემიერმა ტურიზმის ამოქმედების დეტალებზე შეხვედრა გამართა

14-05-2020

კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემები სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. საელჩოებს მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ისინი სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ.

დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს.

შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსოფლიო კრიზისის შესაძლებლობად ქცევის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის პანდემიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930