გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა არის კავასაკის სინდრომი, რაც მშობლებში შიშს და პანიკას იწვევს

15-05-2020

ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, კავასაკის სინდრომზე ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიურ გართულებაზე და ის შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში.

„კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან.

ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში, განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს“, - წერს მაია ბუწაშვილი.

მისი განმარტებით, ამჟამად აშშ-ში კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში და 3 ბავშვი გარდაიცვალა.

„უმრავლესობას ჰქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR-ი ან ანტისხეულები. ბერგამოში, რომელიც ფაქტობრივად COVID-19-ის ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში, მათგან 8-ს ჰქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.

ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი და რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი. კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930