15-05-2020
სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი თბილისში, შესაბამის საავადმყოფოში გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობის მიზნით, მედიკოსთა სპეციალურ ბრიგადებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში გადაჰყავთ.
ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 139 ადამიანს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში აღებული 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან ვირუსი 17 პაციენტს დაუდგინდა, აქედან 9 მუშევანის კლასტერს, 8 კი სოფელ გეტას უკავშირდება. მუნიციპალიტეტში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 49-ს შეადგენს, 3 პაციენტი კი გარდაცვლილია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე იმყოფება.
ქვეყანაში სულ კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა