15-05-2020
ერთადერთი, რაც დაზუსტებულია, გამოქვეყნებულია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე დევს, ეს არის, რომ სასმელი წყლით კორონავირუსის გავრცელების ან გადადების არც ერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ღია სივრცეში და დიდი მოცულობის წყალში, ძალიან დიდი ალბათობით მას გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ადამიანების მჭიდრო კონტაქტი, განსაკუთრებით მცირე მოცულობის ადგილზე, სადაც 10 ათასობით ადამიანი ჩავა, თუნდაც შავი ზღვის სანაპიროზე, პოტენციური რისკი იზრდება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ქვეყანაში სულ კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა