15-05-2020
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრალდებულები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი.
სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები ვერ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.
სანამ ჩემი, ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, შეწყალების არსი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად უნდა განვმარტო:
1. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.
ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში...
გასაგები რომ იყოს, დავამატებ- პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.
ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს!
2. არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას!
3. არავის, არც მანამდე, და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით.... და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე!
პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე, "უნდათი" არავინ არ უნდა საუბრობდეს!
მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად განიხილებოდეს თუნდაც საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში.
4. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი, ან სრულად გაუუქმდეს.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.
როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან ვიღებ ამ გადაწყვეტილებას.
როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალური ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას.
ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებს და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებ!
ახლა მთავარი - ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას?
დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.
პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.
ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობს. თუმცა, ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ სჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს.
აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს!
რადაც არ უნდა მიღირდეს - და მერწმუნეთ ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება - მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ.
დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს.
საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის!”-ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.