16-05-2020
საქართველოში კორონავირუსის 246 აქტიური შემთხვევაა, 27 მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ცნობილია, დანარჩენი 2-ის წყაროს დასადგენად კი გაღრმავებული ეპიდ-კვლევა მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობას და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ. ახალი 6 ინფიცირებულიდან 4-ის წყარო ცნობილია, საკარანტინო სივრციდან, ანუ არსებული წყაროებიდან არიან და 2 პაციენტის ჩაღრმავებული ეპიდ-კველვა გრძელდება და გაირკვევა მათ კონტაქტები აქვთ თუ არა და შემდეგში მოხსენდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, არც ერთი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ მოუთავსებიათ, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მათი მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ ფასდება და ყველა მათგანი სრულწლოვანია.
ქვეყანაში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.