გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის ყველა მცდელობა, ძირი გამოეთხარათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის საქმიანობისთვის, ჩავარდა. ამჯერად მათ ფოკუსში საქართველოს ენერგეტიკა მოექცა

16-05-2020

„მათი მტრობა სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციაში გადადის. მათ არ რცხვენიათ არც იმის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას სრულიად უკონტროლოდ უნთებდნენ მწვანე შუქს ნებისმიერ პროექტს, ახლა კი ცხვრის ქურქში გაეხვნენ და ჭკუას გვასწავლიან“ - ასე პასუხობს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი გასამართლებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობა უნდა გაჩერდეს, სანაცვლოდ კი უნდა შემოვიდეს რაც შეიძლება მეტი ტურისტი და ჰესების ტერიტორიაზე პარკები მოეწყოს.

როგორც ნიკოლაშვილმა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში განაცხადა, „მავნებლური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ზაფრავენ ჩვეულებრივ მოსახლეობას აპოკალიპტური სურათით, რომ საქართველო და მისი ბუნება გაჩანაგდება.

„თურმე ელექტროენერგია არ გვჭირდება არც ჩვენ და არც ტურისტს. თურმე წარმოებას არ ჭირდება დენი. თურმე ვიცხოვრებთ იმით, რომ გავყიდით ბორჯომს. ზუსტად ისე, როგორც ეს ეგონათ ცხელ თავებს 90-იანების დასაწყისში. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს რიტორიკა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მუშაობს, რომ ადამიანები ვერ აღიქვამენ მიწოდება-მოთხოვნის ყველაზე პრიმიტიული ჯაჭვების ლოგიკასაც კი“- აცხადებს ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის ყველა მცდელობა, ძირი გამოეთხარათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის საქმიანობისთვის, ჩავარდა. ამჯერად მათ ფოკუსში საქართველოს ენერგეტიკა მოექცა.

„კომპანია ფეისბუქმა დახურა მათი ინტერნეტ ქსელი და დაადასტურა, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ ეწეოდა პანდემიის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლო ქმედებების დისკრედიტაციას. ნაცმოძრაობამ და მისმა მედიარუპორმა წააგეს როგორც პანდემიის თემა მთლიანად, ასევე ყველა მისი შემადგენელი ნაწილი, რის დანგრევასაც ცდილობდნენ. თქვენ გახსოვთ ის ველური აღტყინება, თუ როგორ სცადეს სწრაფი ტესტების საკითხით მანიპულირება, შემდეგ პირბადეების, შემდეგ სწორი სამკურნალო საშუალების, შემდეგ აღდგომის კლასტერის დახატვით. აპოკალიფსის არაერთი სცენარი დახატეს და საქართველოს მოსახლეობის აფორიაქების არცერთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვიათ. პანდემის აქტიურმა ფაზამ ჩაიარა, ქვეყანა იწყებს ეკონომიკური საკითხების მიმართ უფრო და უფრო მეტი ყურადღების გამოჩენას და ბუნებრივია, რომ რევანშისტი მავნებლების ყურადღებაც შესაბამის თემებზე გადაერთო. ამჯერად მათ ფოკუსში საქართველოს ენერგეტიკა მოექცა“ - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ისეთი იდეალური ქვეყანაც კი, როგორიც შვეიცარიაა და რომლის ერთადერთ ენერგეტიკულ რესურსსაც წყალი წარმოადგენს, მის უფრო მეტად ათვისებას ცდილობს. სტრატეგია 2050 ასახავს ამ ევროპული ქვეყნის ძალისხმევას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიმართულებით.

„2034 წლისთვის უნდა დაიხუროს 4 დიდი ატომური სადგური, რომელიც სადღეისოდ ელექტროენერგიის 40 პროცენტს გამოიმუშავებს შვეიცარიისთვის. ეს საკითხი დღის წესრიგში ფუკუშიმას ავარიის შემდეგ დადგა და დიდი წილი მასში გარემოს დაცვით ასპექტს უჭირავს. სანაცვლოდ კი არა მხოლოდ შვეიცარია, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც განახლებადი ენერგიის რესურსები გააჩნია, აძლიერებენ მათ ათვისებას. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში გარდა საქართველოსი, სადაც მავნებლური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ზაფრავენ ჩვეულებრივ მოსახლეობას აპოკალიპტური სურათით, რომ საქართველო და მისი ბუნება გაჩანაგდება. მათ არ რცხვენიათ არც იმის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას სრულიად უკონტროლოდ უნთებდნენ მწვანე შუქს ნებისმიერ პროექტს, ახლა კი ცხვრის ქურქში გაეხვნენ და ჭკუას გვასწავლიან. მათი მტრობა სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციაში გადადის“ - აცხადებს ნიკოლაშვილი და სააკაშვილის მიერ ჰესების მშენებლობის შესახებ გაკეთებულ ძველ და ახალ გაცხადებებს იხსენებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930