გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არის თუ არა მხედველობისთვის საშიში თვითიზოლაცია? რა უფრო საზიანოა - კომპიუტერი თუ სხვისი სათვალის ტარება?

18-05-2020

ბავშვობიდანვე ყველა ეჩვევა იმ ფაქტს, რომ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც რეკომენდებული არ არის, რადგან ეს თვალებისთვის საზიანოა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მზის დიდხანს ყურება, სხვისი სათვალეების ხმარება, ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანთან დიდი დროის გატარება და სხვ. თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური თვითიზოლაციის პერიოდში გახდა.


დავიწყოთ მონიტორებით. ახლა ხომ ადამიანთა უმრავლესობა თითქმის მთელ დღეს ეკრანთან ატარებს


გასაკვირია, მაგრამ მეცნიერებამ არაფერი იცის იმ გამოუსწორებელი ზიანის შესახებ, რომელიც შეიძლება თქვენს თვალებს მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობამ მიაყენოს. მაგალითად, ცისფერ შუქს, რომლის დემონიზაციაც ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირია, სინამდვილეში თვალებისთვის საყოველთაოდ ცნობილი და დამტკიცებული უარყოფითი ეფექტი სულაც არ აქვს. 


თუმცა ერთი რამ ფაქტია, ზოგჯერ ადამიანი დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს. მისი მხედველობა უარესდება, თვალების ტკივილი და ცრემლდენა ეწყება. თუმცა ყველა სამედიცინო ორგანიზაცია არ იზიარებს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც მსგავსი დისკომფორტი სწორედ ასეთ სპეციფიკურ სიტუაციებს უკავშირდება. ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის ექსპერტების აზრით, თვალის დაღლილობა შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერი ტიპის საქმიანობის დროს, რაც კონცენტრაციას მოითხოვს. მაგალითად, თუ თქვენ ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანას მართავთ ან კითხულობთ, ეფექტი იგივე იქნება.


როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში? 


თუ ასეთი პრობლემები გაქვთ, ექიმები ხელოვნური ცრემლისა და ჰაერის დამატენიანებლის მუდმივ მოხმარებას უწევენ რეკომენდაციას. მსგავს სიტუაციაში შეიძლება სასარგებლო იყოს მონიტორის თვალის დონის ქვემოთ მოთავსება, განათების რეგულირება და პერიოდულად შესვენება. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თვალები ხშირად დაახამხამოთ, რადგან როდესაც ადამიანი მონიტორს უყურებს, ამას, როგორც წესი, ჩვეულებრივზე უფრო იშვიათად აკეთებს. თუ გამოსახულებას ეკრანზე ბუნდოვნად ხედავთ, შეგიძლიათ სათვალე გაიკეთოთ, ეს კორექციაში დაგეხმარებათ. თუ ლინზებს ხმარობთ, შეგიძლიათ ის პერიოდულად სათვალით ჩაანაცვლოთ.


თუ პრობლემა ამით არ გვარდება, შეიძლება ამ დისკომფორტს თავისი სამედიცინო მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ეს შესაძლებელია კონვერგენციის უკმარისობის სინდრომი იყოს.


რა არის კონვერგენცია?


კონვერგენცია საგნის ფიქსაციისას თვალების შიგნით, ერთმანეთისკენ შებრუნებას ნიშნავს. აქ არ არის საუბარი სიელმეზე. როდესაც ადამიანი წიგნს კითხულობს ან რაიმეს  ახლო მანძილიდან უყურებს, მისი თვალები ოდნავ ცხვირისკენ ბრუნდება, შორ მანძილზე კი ისინი პარალელურად არის მიმართული. კონვერგენციის უკმარისობის დროს ადამიანი თვალს დიდხანს შებრუნებულს ვერ აჩერებს და ის საფეთქლისკენ ბრუნდება. ეს უსიამოვნო განცდას აჩენს, რასაც ხშირად თვალის დაღლას აბრალებენ.


ასეთი პრობლემები გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე - მოზრდილებში. სპეციალისტების განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, მცირეწლოვანი დისკომფორტს სათანადოდ ვერ აღწერს, ეს მისთვის უბრალოდ არასასიამოვნოა. მშობლებს კი ჰგონიათ, რომ ის ზარმაცობს და საშინაო დავალების შესრულება არ სურს. ამის შემოწმება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ: აიღეთ ფანქარი, ბავშვის ცხვირთან მიიტანეთ და სთხოვეთ, მას შეხედოს. თუ პატარას შეუძლია თვალები ამ მდგომარეობაში 15 წამის განმავლობაში გააჩეროს, სავარაუდოდ, კონვერგენციასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად არის. თუმცა საბოლოო დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმმა უნდა დასვას. ამ მდგომარეობის გამოსწორება ტანვარჯიშით არის შესაძლებელი.


შეიძლება თუ არა შუქჩამქრალ ოთახში სერიალის ყურება? 


თუ ეს დისკომფორტს არ გიქმნით, შეგიძლიათ. მედიცინაში არ არის ცნობილი თვალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გრძელვადიანი სირთულეების შესახებ, რომლებიც სიბნელეში მონიტორთან მუშაობას უკავშირდება. ეს შეიძლება მხოლოდ დროებითი დაღლილობა იყოს.


2016 წელს ამასთან დაკავშირებით ორი კურიოზული შემთხვევა მოხდა. ცალ თვალში მხედველობის დროებითი დაკარგვის ჩივილით ექიმთან ორი ქალი მივიდა. მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე პაციენტი ახალ ამბებს სიბნელეში სმარტფონით ეცნობოდა, მაშინ როდესაც ცალი თვალი ბალიშით იყო დაფარული, მეორე კი ეკრანს უყურებდა. ამიტომაც როდესაც ერთ-ერთი მათგანი დგებოდა და შუქს ანთებდა (მეორე პაციენტი მხედველობის გაუარესებას ძილის წინ გრძნობდა), ერთი თვალი გარკვეულწილად განათებასთან ადაპტირებული იყო, მეორეს კი გარკვეული დრო სჭირდებოდა, რათა სინათლის ცვლილებას შეჩვეოდა. ეს იყო მხოლოდ დროებითი ეფექტი და მას პაციენტების თვალის ზოგად ჯანმრთელობაზე გავლენა არ ჰქონია.


თვალების ხელოვნურად დაელმება საზიანოა, თუ ჩემი მშობლები მატყუებდნენ?


ისინი კი არ გატყუებდნენ, უბრალოდ ცდებოდნენ. არა, თვალების ცხვირთან მიტანა ანუ ხელოვნურად დაელმება საზიანო ნამდვილად არ არის. კონვერგენციის უკმარისობის სინდრომის არსებობის შემთხვევაში ასეთი სავარჯიშოც კი არსებობს: შეხედეთ ფანქარს და თვალები ცხვირამდე მიიტანეთ.


შეიძლება წამოწოლილმა წავიკითხო? 


დიახ. ყოველ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს. მცირე კვლევაში ნაჩვენებიც კი არის, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ჩვეულებრივ წამოწოლილი კითხულობენ, მიოპია იგივე ახლომხედველობა უფრო ნელა ვითარდება.


საზიანოა თუ არა ბავშვებისთვის სხვისი სათვალეების ტარება?


ეს დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი ამას რეგულარულად არ აკეთებს. ამან შეიძლება სხვადასხვა სახის დარღვევა გამოიწვიოს. მაგალითად, მიოპია ან ამბლიოპია (მას ასევე "ზარმაც თვალს" უწოდებენ, რადგან ცალი თვალი მხედველობის პროცესში ჩართული თითქმის არ არის). თუ ზრდასრული ადამიანი სხვისi სათვალეების ტარებას დაიწყებს, მას თვალების დაღლილობა დაეწყება და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები წარმოექმნება.


რა ხდება პოსტკარანტინის პერიოდში? მზის ყურება საშიშია? შეიძლება ამან სიბრმავე გამოიწვიოს?


ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრმავდებით, მაგრამ საკუთარ თავს გარკვეულ ზიანს ნამდვილად მიაყენებთ. გარდა ამისა, სულაც არ არის აუცილებელი მზეს პირდპირ უყუროთ. თუ მზის შუქი ნებისმიერი ზედაპირიდან აირეკლება, ადამიანი იღებს ულტრაიისფერი გამოსხივების დამატებით ზემოქმედებას, რაც მხედველობის დაზიანების რისკს წარმოქმნის. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია თოვლი. მას შეუძლია ულტრაიისფერი გამოსხივების დაახლოებით 80% აირეკლოს. ანალოგიური სიტუაციაა წყალსა და ქვიშასთან მიმართებითაც, თუმცა - ნაკლები რაოდენობით.


თუ მზეს დიდხანს შეხედავთ, შეიძლება ბადურა სერიოზულად დაიზიანოთ და მთელი დარჩენილი სიცოცხლე თვალების წინ მუქი ლაქით გაატაროთ. მაგალითად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები მზის დაბნელებას სპეციალური დაცვის გარეშე აკვირდებიან (მზის სათვალე სპეციალური დაცვა არ არის). 


ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც მზიან ამინდში ქუჩაში სათვალის გარეშე დიდ დროს ატარებენ, ასაკთან ერთად ხშირად კატარაქტა უვითარდებათ. ამიტომაც, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მზის სათვალეს შეუძლია, ამ დაავადების განვითარებას ხელი შეუშალოს. ოღონდ ეს უნდა იყოს არა უბრალოდ მუქი სათვალე, არამედ ისეთი სათვალე, რომელიც A და B სპექტრის ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს.


ახალგაზრდებს, რომლებიც თვალებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან არ იცავენ, ხშირად ფტერიგიუმი უვითარდებათ. ამ შემთხვევაში კონიუნქტივის ქსოვილი რქოვანაზე იზრდება (მას შეუძლია თვალის რქოვანა გარსის ნაწილი დაფაროს).


როგორ დავიცვათ თვალები?


არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია თვალის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ეს რჩევები, ფაქტობრივად, უნივერსალურია. შესაბამისად, ისინი სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც გამოსადეგია:

- არ მოწიოთ. სიგარეტი ყვითელი ლაქის დეგენერაციისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკს ზრდის;
- ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული. ეს სავარაუდოდ, კატარაქტის განვითარების რისკს ამცირებს;
- ატარეთ მზისგან დამცავი სათვალე (ულტრაიისფერი ფილტრის მქონე კონტაქტური ლინზებიც კარგია, მაგრამ ისინი უფრო ცუდად იცავს);
- შეინარჩუნეთ ნორმალური წონა. თუ ასაკთან ერთად ადამიანს მე-2 ტიპის დიაბეტი უვითარდება, ამან შეიძლება ბადურის დაზიანება და შედეგად, სიბრმავე გამოიწვიოს;
- ისეირნეთ. არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს სუფთა ჰაერზე ატარებენ, ახლომხედველობა უფრო იშვიათად უვითარდებათ. და თუ მიოპია უკვე დაფიქსირებულია, ამ შემთხვევაში მდგომარეობა გაცილებით ნელი ტემპით უარესდება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930