18-05-2020
"მეც რომ არ ვიყო მმართველ პარტიაში და გარედან ვაკვირდებოდე მოვლენებს, შეიძლება მეც ვიფიქრო, რომ მართლაც შეთანხმების ნაწილი იყო უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლება ან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი. თუმცა, რამდენადაც მე მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვარ, გპასუხობთ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება არ ყოფილა. ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო პრეზიდენტმა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან თავად ახსნა რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი და მიზეზი და ძირითადი აქცენტები გააკეთა სწორედ პოლარიზაციის შემცირებაზე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ამასთან, მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ოპოზიციის რეალური მიზნები და დამოკიდებულებები. ირაკლი სესიაშვილის თქმით, შეთანხმება იყო წერილობითი და ამ შეთანხმებაში წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლარიზება.
„რაც შეეხება შეთანხმებას. შეთანხმება არის წერილობითი და ამ შეთანხმებაში წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლარიზება. ზეპირ შეთანხმებაზე ღიად არავის განუცხადებია, მოდერატორებს, რომ პირდაპირი ნათქვამი რამე მსგავსი იყო. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ამას საზოგადოებაში და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებში მოყვა ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება და მინდა გითხრათ, რომ მე ამ შეფასებებს ვუერთდები, მაგრამ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ საქმე გვაქვს იმ ოპოზიციასთან, რომელსაც აქვს სხვა მიზნები, არა პირდაპირი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებაში, არამედ მიზნები აქვს არჩევნების შემდგომ პერიოდთან და გუშინ, შალვა ნათელაშვილმა, რომლის ოფისშიც ახლა სრულიად ოპოზიციაა შეკრებილი, ღიად განაცხადა, არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, ხალხმა ხმა რომ მისცეს „ქართულ ოცნებას“, მაინც არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის მათი ამოცანა. ჩვენი „ქართული ოცნების“ ამოცანა, რომ რაც შეიძლება დაბალი პოლარიზაციით, მშვიდ ვითარებაში მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს უმრავლესობაში პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.