20-05-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თაობა, რომელიც ახალი გამოცდილებებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით გამორჩეულია, განსაკუთრებულ მომავალს შექმნის.
„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი "ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ.
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.
ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება.
და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა ითავოთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა.
ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.
თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!“ - მიმართა მინისტრმა მოსწავლეებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა დასრულდა. თუმცა, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.