20-05-2020
„ოპოზიციას უნდა გადაიჩრდილოს ის პოზიტივი, რომელიც გუშინ იგრძნობოდა. პირველ რიგში, პოზიტივი არის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ორი პატიმრის შეწყალების თაობაზე, რომელიც იყო ამ დაპირისპირების და სპეკულირების საგანი. ევროპარლამენტარები კითხვებს არ სვამენ იმასთან დაკავშირებით, დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი. პირველ რიგში ისინი ამბობენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ და სურთ, რომ პოლიტიკურად ის ძალიან სტაბილური იყოს. ამიტომ თვლიან რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იქნებოდა საუკეთესო ასეთი პოლარიზებული მდგომარეობის განმუხტვისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მარტივი და სწორი შეთავაზება ფაქტების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით, რაც ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგად მიიღეს.
„ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ მანამ, სანამ კოვიდ ვირუსისის ეპიდემია დაიწყებოდა და ჩაიკეტებოდა საზღვრები. მანამდე თვენახევარი დრო იყო. ოპოზიციას უნდა მოეწადიებინა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყვნენ ევროპარლამენტარები, რათა დადგენილიყო სიმართლე. რაც არ უნდა ვისაუბროთ ორივე მხარე არის სუბიექტური. სწორედ ეს იყო ფაქტების დამდგენი კომისიის მიზანი“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.