21-05-2020
ხშირ შემთხვევაში ახალ კოროვირუსულ ინფექციას სიმპტომები არ ახლავს ან მხოლოდ უმნიშვნელო გამოვლინება აქვს. როდესაც დაავადება უფრო სერიოზულ ფორმას იღებს, ადამიანს პნევმონია იგივე ფილტვების ანთება უვითარდება. ამას კი შეუძლია გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ეწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროს ანთების გამო ფილტვები ზიანდება, ისინი ნაკლებ ჰაერს შეიცავს, ალვეოლი იშლება და სისხლში საჭირო რაოდენობით ჟანგბადი ვერ ხვდება. ამის შედეგად ადამიანს ძლიერი ქოშინი ეწყება და ორგანოებამდე საჭიროზე ნაკლები მოცულობის ჟანგბადი აღწევს. სწორედ მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომია ახალი კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი.
დღეისათვის არსებული მონაცემებით, თუ COVID-19– ის მქონე ადამიანს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი უვითარდება, როგორც წესი, ეს ასე ხდება: სიმპტომების გამოვლენიდან მეექვსე – მეშვიდე დღეს ქოშინი იწყება, აქედან მეორე ან მესამე დღეს კი მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ვითარდება. სხვადასხვა მონაცემებით, ეს მდგომარეობა ინფიცირებულთა 3-17% უფიქსირდება.
იმის რისკი, რომ ვირუსული ინფექცია მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომით დასრულდება, უფრო მაღალია, თუ პაციენტი არის ხანდაზმული, ალკოჰოლდამოკიდებული, ყოფილი ან მოქმედი მწეველი, ქიმიოთერაპიის კურსს გადის ან ჭარბი წონა აქვს.
თუმცა მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომს მხოლოდ პნევმონია არ იწვევს (თუმცა ეს არის მთავარი მიზეზი). ის შეიძლება განვითარდეს როგორც ფილტვების სხვა დაზიანებების გამო, ასევე- გულმკერდის ამა თუ იმ ტიპის ტრავმის შედეგად. ასეთი მდგომარეობა ექიმებმა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს შეამჩნიეს. მისი სახელწოდება 1967 წელს გაჩნდა, განმარტება კი - მხოლოდ 1994 წელს.
მთავარი, რასაც ადამიანი მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის დროს გრძნობს, ქოშინია. მას არ შეუძლია წინადადება ამოსუნთქვის გარეშე დაასრულოს და ჰაერის უკმარისობა აქვს. თუმცა ქოშინი ხშირად ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებშიც გვხვდება, რამაც შეიძლება თანდათანობით ისეთ სიმძიმეს მიაღწიოს, რომ მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ფორმა მიიღოს. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია (ამ მხრივ ის ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია, განსაკუთრებით კი ფლუოროგრაფია) და ფილტვების ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების შეფასება.
ახალ კორონავირუსს შეუძლია სასუნთქი გზების, ალვეოლების, სისხლძარღვების, გულის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედებში მოხვდეს. თუმცა COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში ყველაზე მეტად მაინც ფილტვები ზარალდება. დაზიანებული უჯრედები კორონავირუსის ბევრ ასლს წარმოქმნიან და საბოლოოდ იღუპებიან. ეს ყველაფერი კი იმუნური სისტემის ანთებით პასუხს იწვევს.
როგორც წესი, იმუნური სისტემა ამ ანთებას საბოლოოდ ამარცხებს და ადამიანი გამოჯანმრთელდება. თუმცა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დროს იმუნური სისტემის თავდაცვითი მექანიზმები როგორც საჭიროა, ისე აღარ მუშაობს. უარეს შემთხვევაში, ეს იწვევს მდგომარეობას, რომელსაც „ციტოკინური შტორმი“ ეწოდება. ამ დროს მოცულია მთელი ორგანიზმი, შესაძლებელია თირკმელებისა და გულის დაზიანებაც. რა თქმა უნდა, სხვა პროცესებთან ერთად მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ვითარდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან დაზიანებას იწვევს არა უშუალოდ ვირუსი, რომელმაც აგრესიული რეაქცია წამოიწყო, არამედ - იმუნური სისტემა, რომელიც უკონტროლო გახდა.
ძალიან რთულია. მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის შემთხვევაში აუცილებელია პრობლემის ორი გზით მოგვარება. პირველი არის სისხლში ჟანგბადის საკმარისი დონის უზრუნველყოფა. მეორე მხრივ კი აუცილებელია, რომ იმუნურმა სისტემამ ფილტვების განადგურება შეწყვიტოს. პირველი პრობლემა მეორეზე უკეთ არის შესწავლილი და შეიძლება ითქვას, რომ აქ გამოსავალი ნამდვილად არსებობს.
მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. სინამდვილეში, გარკვეულ პირობებში სხვა მეთოდების გამოყენებაც შესაძლებელია, თუმცა სტანდარტული მიდგომა მაინც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციაა. ადამიანის ნაცვლად ყოველთვის აპარატი არ სუნთქავს: ის ხანდახან დამხმარე რეჟიმში მუშაობს. ამის გარეშე პაციენტის იმ იმედით დატოვება, რომ ორგანიზმი პრობლემას თავად გაუმკლავდება, საკმაოდ სახიფათოა. გარდა ამისა, თუ ამ დროს ადამიანი გარდაიცვლება, მისი სიკვდილი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს.
თუ ფილტვის მექანიკური ვენტილაციის სტანდარტულმა ვერსიამ არ იმუშავა, ადამიანი შეიძლება მუცელზე დააწვინონ და ფილტვების ვენტილაცია ასე განაგრძონ (ეს მეთოდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემოთავაზებული). ამგვარად ფილტვებში სისხლის ნაკადი გადანაწილდება.
გართულებული მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის დროს ნეიროკუნთოვანი ბლოკადისთვის საჭირო წამლებსაც იყენებენ, იშვიათად კი - აზოტის ოქსიდს. თუმცა ასეთი პრეპარატების სასარგებლო თვისებები სპეციალისტებში კამათს იწვევს.
ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ექიმმა ექსტრაკორპორულ მემბრანულ ოქსიგენაციას მიმართოს. ამ დროს პაციენტის სისხლი მიედინება აპარატში, რომელიც მას ჟანგბადით ამდიდრებს, იღებს ნახშირორჟანგს და მას პაციენტს უბრუნებს. თუმცა ასეთი მოწყობილობები იშვიათია და სპეციალურად მომზადებული პერსონალის დიდ რაოდენობას საჭიროებს. გარდა ამისა, ახალი კოროვირუსული ინფექციის დროს ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციის ეფექტიანობა საეჭვოა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ვარიანტის განხილვასაც გვთავაზობს.
რაც შეეხება იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, უკვე არსებობს საშუალებები, რომლებიც საჭირო მექანიზმებზე ზუსტ გავლენას ახდენენ. თუმცა როგორ ხდება ეს COVID-19-ის შემთხვევაში, შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. როდესაც იმუნური სისტემა აგრესიულად იქცევა, ხანდახან ექიმი მონოკლონალურ ანტისხეულებს (მაგალითად, ტოცილიზუმაბი) ნიშნავს. მათ შეუძლიათ შეამცირონ იმ ნივთიერებების დონე, რომლებიც ანთების პროცესში მონაწილეობენ. არსებობს ნაშრომები, რომლებიც ტოცილიზუმაბის ეფექტიანობას აჩვენებს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩატარებულა რეალურად სანდო კვლევები, რომლებიც ამ მიდგომის ეფექტიანობას ახალი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევაში დაამტკიცებდა. როგორც ჩანს, თუ ის მუშაობს, მხოლოდ მძიმე შემთხვევებში და ისიც მანამ, სანამ მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი განვითარდება.
უხეშმა ჩარევამ შეიძლება ვირუსის გავრცელების მასშტაბის ზრდა გამოიწვიოს. ამიტომაც, მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების (ისინი თრგუნავენ იმუნურ სისტემას) გამოყენება მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებშია რეკომენდებული (ისიც არა ყველა ორგანიზაციის მიერ).
მაშინაც კი, თუ ადამიანმა მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი გადაიტანა, სულაც არ ნიშნავს, რომ ის თავის პირვანდელ ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ყოფილი პაციენტების დაახლოებით 40%-ს გარკვეული სახის დარღვევა აღენიშნება. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ტვინს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. ამ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ასეთ სიტუაციაში ძველი ფიზიკური დატვირთვის ატანა შეუძლებელია, ფილტვები კი უწინდებურად აღარ მუშაობს.