გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა

21-05-2020


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

აქვე გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვე მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.

ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის 1 ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ასევე, გაცნობებთ რომ დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა - 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით.

ინფორმაცია ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს. ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული).

მომხმარებლისთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge და უწყების ახალ პროგრამულ პორტალზე https://www.rs.ge/kompensacia რომელიც კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930