გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომის მონაწილეებს დავით ზალკალიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია

24-03-2018

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციის მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წარადგინა.

„დოკუმენტი ასახავს საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, თბილისში მის წარმომადგენლობასთან და საბჭოს მექანიზმებთან. დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს მზაობა განაგრძოს თანამშრომლობა აქტიური და ტრანსპარენტული ფორმით. ის აღიარებს როგორც საქართველოს გადაწყვეტილებას შეასრულოს გაეროსა და რეგიონული მექანიზმების რეკომენდაციები, ასევე მის მიღწევებს დემოკრატიული პროცესების განმტკიცების კუთხით“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით ზალკალიანმა დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში.

„უდიდესი სინანულით აღვნიშნავ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს საკუთარ უფლებათა დაცვის მინიმალური გარანტიებიც კი. უახლოეს წარსულში, კერძოდ 22 თებერვალს, ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებულ იქნა ეთნიკურად ქართველი სამი მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი, არჩილ ტატუნაშვილი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. როგორც წინასწარმა ექსპერტიზამ დაადასტურა, ის წამების შედეგად გარდაიცვალა . ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის სხეული ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადაეცა. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების წარმომადგენელთა დაშვების აუცილებლობას“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. რეზოლუციის განხილვისას სიტყვით ასევე გამოვიდა შვეიცარიის კონფედერაცია, რომელმაც გაიზიარა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით და დააფიქსირა მხარდაჭერა ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის განხორციელების თაობაზე.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930