21-05-2020
„ქვეყანას აქვს შთამბეჭდავი შედეგები ეპიდემასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ წარმატებული ბრძოლის შედეგია ის, რომ ჯამში დღეს გვყავს 700ინფიცირებული და მხოლოდ 224 აქტიური შემთხვევა არის დარჩენილი, დღის განმავლობაში მხოლოდ 5-8 ახალი შემთხვევა ემატება.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოსვლისას.
მისი თქმით, ეს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ხელისუფლების მიერ მიღებული ეფექტური ზომების, მოქალაქეების და იმ შეზღუდვების დამსახურებაა, როემლიც დაწესებული იყო ბოლო 2 თვის განმავლობაში ხელისუფლების მიერ. თუმცა მისი თქმით, ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას და ზომები კვლავაცაა მისაღები იმისათვის, რომ დღემდე არსებული სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს ხელისუფლებას.
ჩვენ გადავსინჯეთ კონსტიტუციის ის თავი, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას და ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ წარმატებით მიგვეღო ზომები პანდემიის წინააღმდეგ. გახსოვთ, როგორი სპეკულაციები ისმოდა ამ ახალ თავთან დაკავშირებით“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კანონში 2 ძირითადი ასპექტია გამოსაყოფი, რომელთანაგან ერთ-ერთი ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და პირველ რიგში, მეორე თავის დებულებებს. ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი, რომ ის ჭარბად არ შეიზღუდება, არის კონსტიტუციის მეორე თავი. მაგალითად, როდესაც ამ კანონის საფუძველზე მთავრობის მიერ შეიზღუდება მიმოსვლის თავისუფლება, ბუნებრივია, იმოქმედებს კონსტიტუციის მეორე თავის დებულებები, რომელიც უკავშირდება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას და მთავრობა ამ ჩარჩოს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გასცდება. იგივე ეხება ადამიანის სხცა ნებისმიერ ძირითად უფლებას. ხელისუფლება, ასევე, შეზღუდულია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით, რომელიც იქნება ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი. გარდა ამისა, კონსტიტიციის მეორე თავში გვაქვს ზოგადი პრინციპები ასახული: თანაზომიერების პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი. ამაზე მინიშნებებს შეიცავდა ომბუდსმენის შენიშვნები. რა თქმა უნდა, ეს პრინციპები ისედაც მოქმედებს და ესეც ჩვენი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ეს პრინციპები პირდაპირ აისახა ქვეყნის ძირითად კანონში, თუმცა კომიტეტმა უკვე გაიზიარა ომბუდსმენის მთავარი შენიშვნები და ასახულია კანონპროექტში ე. წ. სამწვეროვანი ტესტის სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, დეპუტატის თქმით, ნარჩუნდება ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვს კონსტიტუციით, რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული საქართველოს პარლამენტს.
„ყველა ეს მექანიზმი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ პარლამენტმა განახორციელოს ამ კანონის სათანადო აღსრულების ზედამხედველობა. რაც შეეხება პარლამეტის ჩართულობას აღსრულებაში, შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს აღსრულებაში. ეს იქნებოდა დანაწილების პრონციპის დარღვევა. ამ საკითხს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ვერ ერკვევიან ხელისუფლების დანაწილებს პრინციპში. ნორმათშემოქმედება უნდა იყოს გამიჯნული ხელიუსფლების დანაწილების საკითხში. გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, დაუშვებელია, არსებობდეს შემთხვევა, როცა მთავრობის ნორმატიულ აქტს ამტკიცებდეს პარლამენტის ნორმატიული აქტი. ეს არის ხელისუფლების პრინციპის ერთ-ერთი მოთხოვნა. უფლებამოსილებები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული მთავრობასა და პარლამენტს შორის. აქედან გამომდიბარე, ეს მოთხოვნაც არის დაუსაბუთებელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერცერთი რაციონალური არგუმენტი ვერ მოიფიქრა კრიტიკისთვის. ზოგიერთი არგუმენტი კი იყო ღიმილის მომგვრელი, მათ შორის, ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აპირებს ამ კანონის საფუძველზე.
„ეს კანონი მოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და არ არსებობს არავითარი რისკი იმისა, რომ უვადოდ იმოქმედოს ამ შეზღუდვებმა. პანდემიის დასრულების შემდეგ აქტუალობას დაკარგავს ის ნორმები, რომელსაც დღეს ვიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პრეცედენტები მიმოიხილა.
„გერმანული კანონი ინფექციებისგან დაცვის შესახებ კიდევ უფრო შორს მიდის და კანონის დონეზე ადგენს ბევრად უფრო ფართო შეზღუდვებს და მთავრობას აძლევს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, არსებობს თეორიული 3 ვარიანტი: პირველი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძლება, მეორე - ვირუსის „მიშვება“ (რომელმაც მისივე განცხადებით, სავალალო შედეგები მოუტანა მეზობელ ქვეყნებს) და მესამე - წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.
„მოდით, მოვუწოდოთ ოპოზიციას, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მეოთხე ვარიანტი არ არსებობს. ხვალამდე იფიქრონ, რომელ ვარიანტს აირჩევენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.