გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მართალია თუ არა, რომ ახალი კორონავირუსით მწეველები უფრო ხშირად და მძიმედ ავადდებიან? როგორ დავანებოთ თავი მოწევას?

22-05-2020

ახალი კორნავირუსის გავრცელებასთან ერთად სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ COVID-19 მწეველებში შეიძლება უფრო რთულად განვითარდეს. ეს იყო არა უშუალო დაკვირვების შედეგი, არამედ ვარაუდი, რომელიც გარკვეულ ლოგიკასა და სხვა რესპირატორული დაავადებებისა თუ პნევმონიის მქონე ადამიანებზე დაკვირვებას  ეფუძნებოდა. 


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, პანდემიის დროს მოწევა უსაფრთხო არ არის, რადგან:


-    ადამიანები თავიანთ ტუჩებს თითებითა და დიდი ალბათობით, დაბინძურებული სიგარეტით ეხებიან;
-    მოწევით გამოწვეული ფილტვის დაავადებები (მაგალითად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) და ამავე მავნე ჩვევით პროვოცირებული ფილტვის მიერ ჟანგბადის შთანთქმის არასაკმარისი უნარი  სერიოზული ინფექციური დაავადების განვითარების რისკს ზრდის.


შემდეგ კი გამოჩნდა მონაცემები, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის, რომელთა ჰოსპიტალიზებაც აუცილებელი გახდა, მწეველთა რიცხვი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.


სინამდვილეში ვინ აღმოჩნდა მართალი? 


უცნობია, მაგრამ ამ ახალ ნაშრომებს მრავალი მიზეზის გამო საიმედოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწევის გაგრძელების რამე არგუმენტი ახლა ნამდვილად არ არსებობს. ამავდროულად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამ მავნე ჩვევის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ერთ მიზეზსაც კი ვერავინ ვერასდროს დაგისახელებთ. უკვე დადასტურებულია, რომ მოწევა მთელ რიგ საშიშ დაავადებას (ფილტვის კიბოდან დაწყებული კუჭის წყლულით დამთავრებული) იწვევს. ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია მოწევა შეწყვიტოთ. გარდა ამისა, ეს მავნე ჩვევა ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობას დაგიმძიმებთ (მოგეხსენებათ, სიგარეტი არც თუ ისე „იაფფასიანი სიამოვნებაა“). გარდა ამისა, სიგარეტის საყიდლად გარეთ გასვლა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის დამატებითი საფრთხის შექმნა აღარ მოგიწევთ.


როგორ დავანებოთ თავი მოწევას?


პირველივე მცდელობით მოწევისთვის თავის დანებებას ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს. ასე რომ, ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა ამ პრობლემის წარმატებით გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს და მხოლოდ ნებისყოფის იმედზე ყოფნა კარგი სულაც არ არის. მწეველი ადამიანი თამბაქოს ან ნიკოტინს სხვადასხვა ფორმით რეგულარულად იღებს, ან ელექტროსიგარეტს ეწევა. შესაბამისად, ის ხშირად ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება კი თავის ტვინში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. გარდა ამისა, არსებობს ჩვევა: შესვენებაზე სიგარეტის მოსაწევად გასვლა ან სტრესულ სიტუაციაში საკუთარი თავის მოწევით დამშვიდება. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მორიგი წარუმატებელი მცდელობისთვის საკუთარ თავს კი არ გაუბრაზდეთ, არამედ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რომელთან ერთადაც გადაწყვეტთ, შესაბამის მედიკამენტებს მიიღებთ თუ უფრო მსუბუქ ფორმას დასჯერდებით.


სად შეიძლება ამ საკითხზე სანდო ინფორმაციის მოძიება? 


საამისოდ ბევრი კარგი რესურსი არსებობს. მართალია, ისინი ძირითადად ინგლისურენოვანია, მაგრამ თანამედროვე ონლაინ თარჯიმნების წყალობით ეს უკვე დიდი პრობლემა არ არის მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის. მაგალითად, ეს არის ამერიკული სახელმწიფო ვებგვერდი, ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზეც ამ თემაზე სტატიები რეგულარულად იდება, საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ UpToDate- ზეც. 

სანდო წყაროები ძირითადად გვირჩევენ:
-    დაგეგმეთ კონკრეტული დღე, როდესაც აპირებთ, მოწევას თავი დაანებოთ (უმჯობესია, რომ ეს დღე არ იყოს ძალიან მძიმე ან გადატვირთული);
-    მოწევას თავი დაუყოვნებლივ უნდა დაანებოთ და არა თანდათან (თუ გადაწყვეტთ, რომ ამ მავნე ჩვევას ეტაპობრივად გადაეჩვიოთ, საბოლოოდ უარის თქმის დღე უნდა დაგეგმოთ);
-    თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გარშემომყოფებსაც აცნობეთ, რათა ისინი დაგეხმარონ ამ პროცესში ან სულ ცოტა, შესვენებაზე მოსაწევად გასვლა აღარ შემოგთავაზონ; 
-    ჩამოთვალეთ თუ რატომ გსურთ სიგარეტისთვის თავის დანებება და რთულ მომენტებში ეს ჩამონათვალი წაიკითხეთ (ინსპირაციისთვის ერთგვარი მაგალითი);
-    გაარკვიეთ, თუ რა იწვევს თქვენში მოწევის სურვილს და შეეცადეთ ასეთი სიტუაციები თავიდან აირიდოთ;
-    იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაერთოთ, როდესაც მოწევის სურვილი გიჩნდებათ. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება;
-    აკონტროლეთ თქვენი რაციონი და ფიზიკურად აქტიური იყავით (ეს აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ რამდენიმე კილოგრამის მომატება, რაც სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ ხშირად ხდება). 


მოწევაზე უარის თქმა რთულია არა მხოლოდ ტვინში ობიექტური ცვლილებების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ჩვევები უნდა შეცვალოთ. მაგალითად, ნაკლები მიზეზი გექნებათ მეგობრებსა და კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებთან ერთადაც ადრე შესვენებაზე ერთად ეწეოდით. ამიტომაც ზოგადად კარგია, თუ ამ პროცესში ჩართავთ სპეციალისტს (ექიმს ან ფსიქოლოგს), რომელიც გარკვეულ რეკომენდაციებს მოგცემთ, თუნდაც დისტანციურად.


ელექტროსიგარეტი კარგი გამოსავალი არ არის? 


ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. პრობლემა ის არის, რომ ელექტროსიგარეტის, როგორც მოწევის ალტერნატიული საშუალების, ეფექტიანობა და უსაფრთხოება, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. 2019 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტროსიგარეტი ნიკოტინის ჩანაცვლებით თერაპიაზე უფრო ეფექტიანია. მწეველთა 18%-მა იმ ჯგუფში, რომელიც ელექტროსიგარეტს იღებდა, მოწევისთვის თავის დანებება ერთი წლის განმავლობაში შეძლო. ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპიის ჯგუფის წევრებში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ი აღმოჩნდა. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, თამბაქოს ნაცვლად ელექტროსიგარეტის მომხმარებლების 80%-მა მისი მიღება ერთი წლის შემდეგაც გააგრძელა. ამავდროულად, ჩანაცვლებითი თერაპიის მეშვეობით მოწევისთვის თავის დანებება ვინც შეძლო, მათგან პრეპარატების მიღება მხოლოდ 9%-მა გააგრძელა. ამრიგად, ექსპერტებს ელექტროსიგარეტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამ თემაზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად კი შემდეგ ბმულზე გადადით.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930