22-05-2020
ჩვენთან 40 პაციენტი წევს. მათგან 35 დადასტურებული პაციენტია. ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ გუშინ არ მიგვიღია. დანარჩენი ხუთი პაციენტის კვლევა მიმდინარეობს და დღის განმავლობაში გვეცოდინება მათი პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც კრიტიკული იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასთან დაკავშრებით პროგნოზი უკვე კეთილსაიმედოა. მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა. თუ ასე გაგრძელდება, ალბათ, მალე მის გაწერაზეც ვილაპარაკებთ. ამ ეტაპზე, მძიმე პნევმონიით გვყავს 2 პაციენტი. მათი კვლევების მონაცემები ცვალებადია და სტაბილიზაცია ჯერ ვერ მივიღეთ, მაგრამ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ძირითადი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.
კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.