გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თაღლითობისთვის დაკავებულ პირს, რომელიც თავს სუს-ის თანამშრომლად ასაღებდა, პატიმრობა შეეფარდა

25-05-2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ო.გ.-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი თერთმეტი პირი დაარწმუნეს, თითქოსდა შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველყოფდნენ.

ნდობის მოპოვების მიზნით კი ო.გ.-მ და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ ო.გ., რომელიც მათ „გიორგის“ სახელით გაეცნო, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და როგორც სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელი პირადად იძლეოდა გარანტიას, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფდა. დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით -12 800.66 ლარს.

სამართალდამცველებმა ო.გ. 2020 წლის 29 იანვარს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930