გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

26-05-2020

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოში განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკუნოვან ტრადიციას.

„ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს - რამაზან ბაირამს. მინდა გისურვოთ, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი - ზოგმა პატარა, ზოგმა - დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია - ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ. ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრულიად საქართველოს მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის ბოლო წლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. დემოკრატიის ხარისხი იზრდება. დღეს უფლებრივი მდგომარეობაც გაცილებით განვითარებული და მაღალ დონეზეა, რისთვისაც ყველანი ერთობლივად მადლობელი ვართ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მუსლიმები ყოველთვის ვიდექით ამ ქვეყნის გვერდით“, - აღნიშნა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

შეხვედრას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი პირები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930