გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26-05-2020

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულს ზეიმობს.
2018 წლის 26 მაისი კი განსაკუთერებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“. ვერც ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატებმა შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება.

1917 წლის აპრილის ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, რომლებზეც წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად უთანხმოებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა შეძლეს. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი გახდა. ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები.

ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. ეროვნული საბჭო პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი). ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს აკაკი ჩხენკელის მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი. სხდომა 24 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისთვის. ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის ფედერაციას. კენჭისყრის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყოვნებლივ, 25 მაისს ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას — ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;

2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა;

3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა;

4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.



სახელმწიფო ხელისუფლება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. 1918 წლის მთავრობა კოალიციური იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

• მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი;

• საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი;

• სამხედრო მინისტრი — გრიგოლ გიორგაძე;

• ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გიორგი ჟურული;

• იუსტიციის მინისტრი — შალვა ალექსი-მესხიშვილი;

• სახალხო განათლების მინისტრი — გიორგი ლასხიშვილი;

• მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი;

• გზათა მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე.


1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისისაქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა.

საშინაო მდგომარეობა

არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.
ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.
საგარეო მდგომარეობა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება.

ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე-ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე-ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).

სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

• თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი;

• გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი;

• ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი;

• არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი;

• იტალია — 1920 წლის 12 იანვარი;

• საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი;

• დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი;

• იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი;

• ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი;

• რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი;

• ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო;

• პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი;


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):

• თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი;

• რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი;

• გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი;

• შვეიცარია — 1920 წელი;

• ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი;

• საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი;

• ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი;

• იტალია — 1921 წლის 27 იანვარი;

• იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი;

• ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი;

• რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი;

• ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი;

• ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი;

• მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი;

• პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო;

• სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი;

• ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი;

ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია


1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930