26-05-2020
102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ბევრი თაობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, შრომობდა, ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ გმირებს და გვახსოვდეს მათი სახელები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ დღეს საქართველო არის თავისუფალი სახელმწიფო, გმირების დამსახურებაა, ჩვენი დამსახურება კი უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური, რაშიც ქართულ ჯარს უდიდესი მისია აკისრია.
„საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს სქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს. დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ყველას უნდ გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.