27-05-2020
ჩეჩნეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მედიცინის მუშაკები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულნი, შვებულებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, ექიმიდან დაწყებული და მედიით დამთავრებული, დაივიწყონ დასვენება და შვებულება. კორონავირუსი არის ომი უხილავ მტერთან და მას უნდა ვებრძოლოთ. ეს არაა სამუშაო. ეს არის მობილიზაცია და მოვალეობა. ვინც ასე არ თვლის, გუნდი უნდა დატოვოს“,-განაცხადა რამზან კადიროვმა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი COVID19-ის სიმპტომებით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.