27-05-2020
ყოვლად მიუღებელია ოჯახში ძალადობის საქმის დეტალების საჯარო ქილიკის საგნად ქცევა, ან ოჯახში ძალადობის ნებისმიერი მხარის საჯარო ბულინგი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ოჯახში ძალადობა არის ძალიან რთული სოციალური და სისხლის სამართლებრივი დანაშაული.
„ოჯახში ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველგან და არც ერთი ოჯახი არ არის დაზღვეული ძალადობისგან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა. ძალადობის ტიპის მიუხედავად, იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, თუ ა.შ. და იქნება ეს ერთჯერადი, თუ მრავალჯერადი, თვითონ ძალადობის ფაქტმა შეიძლება ძალიან რთული ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს მასში ჩართულ ყველა მხარეზე“, - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, რომ გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს კოორდინაციას უწყებებს შორის და აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, ქალების ეკონომიკური გაძლიერებაზე, განათლების სისტემაში ამ საკითხების ასახვაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობაზე და ოჯახში ძალადობის პრობლემაზე კომპლექსურ და თანმიმდევრულ მუშაობაზე.