27-05-2020
მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopcov.ge და ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე შექმნილი პანდემიასთან ბრძოლის, რომელიც შეიქმნა საქართველოში და რომელიც ნათარგმნია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.
„ეს იყო და არის სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია ამ პანდემიასთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი პირველად ინფორმაციას, თუ რა ხდება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, იღებს სწორედ ამ საიტიდან, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა, რომ covid 19-ის პირობებში მარტის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვები ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტი. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩვენ აქამდე ჩამოვთვალეთ, ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და მე მინდა, რომ ეს გავითვალისწინოთ. სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა ამ შეზღუდვებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად რთული იყო და რამდენად რთული იქნებოდა ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და ეკონომიკური აქტივობებისთვის მსგავსი შეზღუდვების ასე დირექტიული დაწესება. თუმცა, მარტის მეორე ნახევრიდან უკვე ვირუსის შიდა გავრცელება გახდა ფაქტი და ეს შიდა გავრცელების ტემპი საკმაოდ გაიზარდა”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.