გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეიძლება თუ არა COVID-19 ქუჩაში გამვლელისგან გადაგედოთ? რომელი ადგილებია განსაკუთრებით საშიში?

27-05-2020

თანამედროვე მსოფლიო კარანტინის რეჟიმიდან  თანდათან გამოდის. შესაბამისად, ადამიანები სოციალურ გარემოსა და ჩვეულ საქმიანობას ეტაპობრივად უბრუნდებიან. ამის პარალელურად COVID-19-ით ინფიცირების რისკი იზრდება. ეს კი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შიშს იწვევს. ამიტომაც არსებობს კითხვები, რომლებიც კარანტინის შემდგომი ცხოვრების წესს ეხება. სად არის ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკი და რომელი ადგილებია ამ მხრივ საშიში? რამდენად სახიფათოა უსიმპტომო ადამიანი და როგორ მოვიქცეთ, თუ ქუჩაში გამვლელი აცემინებს ან ახველებს? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს BBC-სთან ინტერვიუში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის (დარტმუტი) პროფესორმა ერინ ბრომაჯმა უპასუხა. ის აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის შესახებ კურსს კითხულობს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან მის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. ერინ ბრომაჯმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ დაწერა ბლოგი, რომელიც დაახლოებით 16-მა მილიონმა ადამიანმა წაიკითხა. აი, რას გვირჩევს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ცხოვრების ჩვეულ რიტმთან ეტაპობრივი დაბრუნების პროცესში.


სად შეიძლება დავინფიცირდე?


ერინ ბრომაჯი ამბობს, რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ სახლში, ოჯახის სხვა წევრის მეშვეობით ინფიცირდება. ამის მიზეზია მუდმივი ახლო კონტაქტი. 
და რა ხდება სახლის გარეთ? ვუქმნით თუ არა საკუთარ თავს საფრთხეს პარკში სეირნობით? უნიღბოდ მორბენალ ადამიანს შეუძლია თუ არა COVID-19 გადამდოს? ერინ ბრომაჯი თვლის, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. დიახ, მორბენალი ადამიანი ხშირად და ღრმად სუნთქავს, მაგრამ ის ძალიან მალე ჩაგირბენთ და კონტაქტიც ძალიან მცირე იქნება. 

„ღია ცის ქვეშ ვირუსი იშლება, ადამიანის ამონასუნთქი კი ძალიან, ძალიან მალე იფანტება“, - აცხადებს ერინ ბრომიჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი „წილი“ ვირუსი არ აღმოჩნდება საკმარისი, რომ დაინფიცირდეთ. „თქვენ რომ დაავადდეთ, ამისათვის ორგანიზმში უნდა მოხვდეს ეგრეთ წოდებული ინფექციური დოზა- SARS-CoV-2 ვირუსის ათასობით ნაწილაკი. ეს შეფასება MERS (Middle East Respiratory Syndrome-ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი)-ისა და SARS (Severe Acute Respiratory Syndrome-მწვავე რესპირატორული სინდრომი)-ის შესაბამისი დოზების შესწავლას ემყარება“, - წერს პროფესორი საკუთარ ბლოგში. კონკრეტული ციფრები დისკუსიის თემად რჩება და ექსპერიმენტებით უნდა დადასტურდეს. თუმცა ეს ყველაფერი იძლევა საერთო სურათს იმის შესახებ, თუ როგორ ინფიცირდება ადამიანი.

ერინ ბრომაჯის განმარტებით, ახალი კორონავირუსის „საჭირო დოზის“ მიღება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ. თუ ირგვლივ ბევრი ვირუსული ნაწილაკია, ერთი ჩასუნთქვით, შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში ათასობით და ასობით მათგანი აღმოჩნდეს. თუ ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მცირეა, ასჯერაც რომ ჩაისუნთქოთ, შეიძლება  თქვენს სხეულში მხოლოდ ათმა მათგანმა შეაღწიოს. თუმცა ნებისმიერ ასეთ სიტუაციას ინფექციის განვითარების გამოწვევა შეუძლია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულ ადამიანთან ძალიან მცირე კონტაქტის დროს (თუნდაც იმავე მორბენალთან, რომელსაც დისტანციის დაცვის აუცილებლობა გააზრებული არ აქვს) ძალიან საეჭვოა, რომ „ინფექციური დოზა“ მიიღოთ.


როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემ გვერდით მყოფი ახველებს ან აცემინებს? 


ხველებითა და ცემინებით ინფექცია ნამდვილად ვრცელდება, მაგრამ - სხვადასხვანაირად. ერინ ბრომაჯის განმარტებით, ხველების დროს ადამიანი ჰაერში 80 კმ / სთ-ის სიჩქარით დაახლოებით სამი ათას მცირე წვეთს გამოყოფს. მათი უმრავლესობა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მალევე მიწაზე დაეცეს, მაგრამ ზოგი მათგანი შეიძლება ჰაერში დარჩეს და ოთახის მეორე ბოლოს მიაღწიოს. 

თუ პირი, რომელთან ერთადაც ლიფტით სარგებლობთ, კი არ ახველებს, არამედ აცემინებს, ამ შემთხვევაში ინფიცირების რისკი 10-ჯერ იზრდება. ერთი დაცემინება უდრის დაახლოებით 30 ათას ნაწილაკს, რომლებიც  320 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებიან. ამასთან ეს ნაწილაკები გაცილებით მცირე ზომის არის, ამიტომაც ისინი დაწესებულების უკიდურეს წერტილსაც ადვილად აღწევენ. 

”თუ ადამიანი ინფიცირებულია, მაშინ ის ხველების ან ცემინების დროს ყოველ ჯერზე დაახლოებით 200 მილიონ ვირუსულ ნაწილაკს გამოყოფს”, - ამბობს პროფესორი ბრომაჯი. მისი განმარტებით, თუ თქვენ ვინმეს პირისპირ ესაუბრებით და ეს ადამიანი ახველებს ან აცემინებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ათასი ვირუსული ნაწილაკის მეშვეობით „ინფექციურ დოზას“ ძალიან მარტივად მიიღებთ. თუ თქვენ პირადად არ იმყოფებოდით ხველების ან ცემინების დროს, საფრთხე მაინც არსებობს. ზოგიერთ წვეთს შეუძლია ჰაერში რამდენიმე წუთს გაჩერდეს, ხოლო ოთახში შესვლისას თქვენ საკმარისი დრო გექნებათ, რომ ის ჩაისუნთქოთ.


რამდენად საშიშები არიან უსიმპტომო გამავრცელებლები?


ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თქმით, ახალი კორონავირუსი ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის საერთოდ არ ვლინდება. ვირუსული ნაწილაკები ჰაერში ჩვეულებრივი ამოსუნთქვის დროსაც ხვდება. რა რაოდენობით? ”ერთი ამოსუნთქვის შედეგად 50-დან 5000 წვეთი გამოიყოფა. მათი უმრავლესობა ნელა მოძრაობს და თითქმის დაუყოვნებლივ მიწაზე ეშვება”, - განმარტავს ერინ ბრომაჯი. 

წვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ადამიანი ცხვირით სუნთქავს. "ცხვირი დამატებითი ფილტრია. ჰაერი ვერტიკალურად ქვევით მიდის. ამრიგად, გამოყოფილი პათოგენების რაოდენობა (ვირუსის ნაწილაკები) შედარებით მცირეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვეულებრივი სუნთქვის დროს ჰაერი ძალდატანების გარეშე ამოდის, ამიტომაც ქვედა სასუნთქ გზებში არსებული ვირუსული ნაწილაკები არ ამოიფრქვევა“, - განმარტავს ერინ ბრომაჯი. პროფესორის თქმით, COVID-19-ით დაავადებული ადამიანის ფილტვებსა და ტრაქეაში ახალი კორონავირუსის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე - ყელსა და პირის ღრუში. 

SARS-CoV-2 ვირუსის (ახალი კორონავირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს) რამდენი ნაწილაკი გამოიყოფა სუნთქვის დროს, ცნობილი არ არის. თუმცა პროფესორი ბრომაჯი ციტირებს იმ კვლევის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში პაციენტი წუთში 3-დან 20-მდე ვირუსულ ნაწილაკს ავრცელებს. თუ ეს მონაცემები COVID-19-საც შეესაბამება, მაშინ ინფიცირებულთან კონტაქტის დროს 50 წუთის განმავლობაში მის მიერ გამოყოფილი აბსოლუტურად ყველა ნაწილაკი უნდა ჩაისუნთქოთ, რათა „ინფექციური დოზა“ მიიღოთ (ყველა მონაცემი შეფასებითი და სავარაუდოა).

შეჯამების სახით შეიძლება ითქვა, რომ თუ თქვენ COVID-19-ით დაავადებულთან ერთ ოთახში იმყოფებით, ის არც ახველებს და არც აცემინებს, ინფიცირების ალბათობა შედარებით დაბალია. ამასთან, სახლის გარეთ ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა, სავარაუდოდ, სწორედ უსიმპტომო პაციენტების მეშვეობით ხდება. ერინ ბრომაჯის განმარტებით, თუ ინფიცირებულთან საუბარს გააბამთ, რისკი დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ჰაერში მოხვედრილი წვეთების რაოდენობას სიმღერა და ყვირილი დრამატულად ზრდის.


რომელი ადგილებია განსაკუთრებით საშიში? 


ბუნებრივია, რომ ყველაზე მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან იმ პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ინფიცირებულებთან აქვთ შეხება. მასობრივი დაავადების შემთხვევები გარკვეულ ადგილებსაც უკავშირდება. ამ მხრივ, ყველას ახსოვს საკრუიზო ხომალდები. პროფესორი ბრომაჯი ამავე კატეგრიას მიაკუთვნებს ოფისებს, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, წვეულებებს, დაკრძალვებსა და საგუნდო რეპეტიციებს.

ყველა ამ შემთხვევაში ინფიცირების რისკი მაღალია, რადგან ადამიანები მნიშვნელოვან დროს ატარებენ შენობაში სხვა ადამიანების კომპანიაში, რომელთა შორის შეიძლება ინფექციის მატარებლები იყვნენ. ერინ ბრომაჯის განმარტებით, მაშინაც კი თუ ინფიცირებული ადამიანი თქვენგან 15 მეტრის დაშორებით იმყოფება, როგორც ეს საგუნდო  რეპეტიციის დროს ან ქოლცენტრშია, თქვენამდე მოღწეული ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მცირეც რომ იყოს, დიდი ხნის განმავლობაში ერთ სივრცეში ყოფნის შედეგად „ინფექციური დოზის“ მიღება შეგიძლიათ.

როდესაც ადამიანებს მოუწევთ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ეს განსკუთღებით საშიში ზოგიერთი პროფესიისთვის იქნება. ყველაზე დიდ პრობლემას ცუდი ვენტილაციის მქონე საოფისე სივრცეები ქმნიან. პროფესორ ბრომაჯს ამის მაგალითად მოჰყავს სამხრეთ კორეა, სადაც ერთ დიდ სივრცეში მუშაობდა  216 ადამიანი, მათგან 94 COVID-19-ით დაავადდა.

განსაკუთრებულ რისკჯგუფს სტომატოლოგებიც მიეკუთვნებიან. ერინ ბრომაჯის განმარტებით, მათი მუშაობის პროცესში (ბურღვა, შეწოვა) დიდი რაოდენობით აეროზოლური ნივთიერება წარმოიქმნება. პროფესორის თქმით, ეს საფრთხეს უქმნის არა პაციენტებს, არამედ სტომატოლოგებს. ამიტომაც ადმინისტრაციამ ამ ადამიანებს უსაფრთხო სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას. 

რისკის კიდევ ერთი ჯგუფია მასწავლებლები. ისინი იძულებული არიან დახურულ სივრცეში თავიანთ მოსწავლეებთან დიდი დრო გაატარონ. ერინ ბრომაჯი პედაგოგებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს. 

ერინ ბრომაჯის თქმით, მასობრივი ინფიცირების ცნობილ ეპიზოდებს შორის, ღია ცის ქვეშ ძალიან ცოტა დაფიქსირდა. ამის მიზეზია ის, რომ ქარი და გაშლილი სივრცე ვირუსის კონცენტრაციას ფანტავს, მზის შუქი, სიცხე და ტენიანობა კი მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. დისტანციის შენარჩუნებითა და კონტაქტის ხანგრძლივობის შემცირებით, ინფიცირების რისკს თქვენ კიდევ უფრო ამცირებთ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930