27-05-2020
ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირველ რიგში, მთავრობის სამიზნე ობიექტი იყო სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, შემდეგ ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის, რათა სამუშაო ადგილები შენარჩუნებულიყო, შეძლებისდაგვარად.
„აქედან გამომდინარე, ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან და დღეს დავაბალანსეთ ეს შემოსავლები და ვამბობთ, რომ მხოლოდ ამის შემდგომ და არა მანამდე, რაღაც ფუჭი დაპირებები - მოდით ახლა ჩვენ დავხარჯოთ ერთს პლიუს ორი, პლიუს სამი და გაურკვეველია ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს, საიდან უნდა მოიტანონ და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი სამიზნე ობიექტი, პირველ რიგში, არის სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი კრიზისი და მოქალაქეს ექმნება გრძელვადიანი პრობლემა, უბრალოდ შემოსავლები შეუმცირდება, ან გაუქრება საერთოდ, იმიტომ, რომ დაკარგავს სამსახურს. მეორე - ჩვენი დახმარება, ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, შეძლებისდაგვარად. მესამე - ეს არის კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რომ კომპანიები, ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პოსტკრიზისული გეგმა. მისივე თქმით, პოსტკრიზისული გეგმა ეს არის სხვა ისტორია და უპასუხისმგებლობაა დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი არ გაეგება ეკონომიკაში.
„დღეს, ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ არ იცის, როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, სულ რაღაც ორ, სამ, ან ოთხ თვეში, მას შემდგომ, რაც ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება. საერთოდ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მოდით ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, თუ რა იყო ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი საფუძვლები, მესიჯები. სისტემა რა იყო და როგორ იყო ეს გეგმა სტრუქტურირებული. ეს გეგმა იყო სტრუქტურირებული, როდესაც კრიზისი დაიწყო, პირველადი დახმარება, ცეცხლის ჩაქრობა. ესეც იყო მიმართული კონკრეტული ადამიანების და რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიების მიზნობრიობის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.